სამეგრელოში ისევ ძლიერი ქარია – მნიშვნელოვნად დაზარალდა სენაკის სამხედრო დასახლება, სადაც ახლა დევნილები ცხოვრობენ. დაზიანდა კორპუსები, ეზოში ქარმა ხეებიც მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, მოსახლეობის ნაწილს დენი ამ დრომდე არ მიეწოდება.
“შექმნილია მუშა ჯგუფი, რეაგირებისა და მორიგე ჯგუფი. 24 საათის განმავლობაში ვართ მობილიზებულები, შემოსული განცხადებების საფუძველზე გადის ზარალის კომისია და სენაკის მუნიციპალიტეტი, ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ადმინისტრაციასთან ერთად მაქსიმალურად, უახლოეს პერიოდში ცდილობს ზარალის აღკვეთას,”- აცხადებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია.
ცნობისთვის,
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში – სამეგრელო, გურია, იმერეთი – ძლიერი ქარისგან მიყენებული ზარალის პირველადი შედეგები უკვე ცნობილია.
სამეგრელოში დაზიანებულია 600-ზე მეტი კერძო სახლისა და 36-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი. ასევე, დაზიანებულია საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, ამბულატორიებისა და ადმინისტრაციული შენობების სახურავებიც. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 100-ამდე სოფელი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
გურიაშიც დაზიანებულია 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი, მოგლეჯილია 50-მდე ხე. მწყობრიდანაა გამოსული ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები. ასევე, დაზიანებულია ეკლესიის და სკოლების შენობები.
იმერეთში სტიქიამ 500-მდე სახლის სახურავი დააზიანა, 135 სოფელს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება. დაზიანებულია მაგისტრალური გაზსადენი წყალტუბოს მიმართულებით და პრობლემებია გაზმომარაგების კუთხითაც. ასევე, წაქცეულმა ხეებმა ათობით ავტომობილი დააზიანა.
ქუთაისში კი 2500 აბონენტი წყლის გარეშეა დარჩენილი.
ყველა 24 საათიან რეგიონში მუშაობს შტაბები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო ავტობუსს ხე დაეცა
საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს