LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძიუდოისტები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

94

ძიუდოისტები და გულშემატკივრები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით დღეიდან საპროტესტო აქციას იწყებენ. საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, აქციის მონაწილეების ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – ქევხიშვილის გადადგომა.

„თუ მოვა და დაგველაპარაკება, დაველაპარაკებით, თუმცა რა მოსვლა უნდა ან რა ლაპარაკი, როცა ამდენი ადამიანი ითხოვს მის გადადგომას, უნდა გადადგეს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ქევხიშვილმა დატოვოს თანამდებობა,“ – განაცხადა ლიპარტელიანმა.

აქცია 12:00 საათზე ძიუდოს ფედერაციასთან, ბელიაშვილის #5-ში, გაიმართება.

რამდენიმე დღის წინ ძიუდოისტებმა საგანგებოდ განაცხადეს, რომ ისინი ვარჯიშს და შეჯიბრებებში მონაწლეობის მიღებას წყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. სპორტსმენები დავით ქევხიშვილს იმაზე ედავებიან, რომ მათი თქმით, ქევხიშვილი იკავებს სამ სხვადასხვა თანამდებობას, მათ შორის ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის.

“ფაქტია, რომ ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს,” – აცხადებენ ძიუდოისტები.

მათივე შეფასებით, დავით ქევხიშვილის მმართველობის პერიოდში ძიუდოს საქართველოში მომავალი არ აქვს, რაც, როგორც ძიუდოისტები განმარტავენ, დასტურდება ქევხიშვილის 6 წლიანი მმართველობით და შედეგებით, რაც “მხოლოდ სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიიღწეოდა და არასდროს ფედერაციის მხარდაჭერით.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები