LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძირულა-ხარაგაულისა და სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზების პროექტირება იწყება

26

საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ორ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას- „კოქსს“ შორის ხელშეკრულებები გაფორმდა.

ხელშეკრულებებს ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და გერმანული საპროექტო კომპანია „კოქსის” წარმომადგენელმა კარსტენ გარისემ მოაწერეს.

პირველი ხელშეკრულების ფარგლებში, ძირულა-ხარაგული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის მომზადდება: დეტალური პროექტი, სატენდერო დოკუმენტაცია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმის დოკუმენტები. პროექტი 9 თვეში უნდა მომზადდეს და მისი ღირებულება 1 231 566 აშშ. დოლარი და 1 249 030 ლარია. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება 20-მდე სოფლის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები,  სავაჭრო და ტურისტულ ობიექტებთან კავშირი, გაიზრდება მოძრაობის უსაფრთხოების დონე.

მეორე ხელშეკრულება ითვალისწინებს, სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი (ანაკლიის საზღვაო პორტთან მისასვლელი გზის ჩათვლით) 90 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტების მომზადებას. დოკუმენტების მომზადების ვადად 9 თვეა განსაზღვრული და სამუშაოების ღირებულება 1 349 743 აშშ. დოლარსა და 2 064 410 ლარს შეადგენს. აღნიშნული მიმართულების პროექტირებას მსოფლიო ბანკი დააფინანსებს.

სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი (ანაკლიის საზღვაო პორტთან მისასვლელი გზის ჩათვლით) გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოძრაობა გაცილებით კომფორტული გახდება, გაიზრდება მოძრაობის უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი და გაადვილდება ტრანზიტული მოძრაობა.

აღნიშნული გზები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების- ქვეყნის სივრცითი განვითარების უმთავრესი ნაწილია.