ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი და და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავენ.
აღნიშნულის შესახებ ცნობილი დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა.
სამი პარტიის („დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) ლიდერებთან ერთად სიტყვით გამოვიდნენ საზოგადოების წევრები.
მხატვარმა გია ბუღაძემ განაცხადა, საზოგადოება ახლა თუ არ ამოიღებს ხმას, ქვეყანა რუსეთს ჩაბარდება.
„არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი და არც ვაპირებ, მაგრამ მე ვეკუთვნი ქართულ საზოგადოებას, საქართველოს. დღეს რეალობა არის ის, რომ ქვეყანას ვკარგავთ, პირდაპირ ვბარდებით რუსეთს და რუსეთთან ურთიერთობა სიბნელესთან ურთიერთობაა.
სირცხვილის გრძნობა ხომ არ დავკარგეთ ხალხნო?! თუ ჩვენ დღეს ჩავბარდებით რუსეთს და ხმას არ ამოვიღებთ, სამარადჟამოდ სირცხვილში ვიქნებით. უნდა ვიყოთ ერთად, უნდა ვიყოთ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, რომ სირცხვილი არ ვჭამოთ მომავალთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ ვარ აქ და სწორედ ამიტომ უნდა გავაქტიურდეთ. ძილის დრო არ არის, ქართველებო, გამოფხიზლდით, ძალიან გთხოვთ!“, – თქვა მან.