LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან რთულია, როცა ადამიანთან ერთად 35 წელი მღერი და ის გეცლება… რეზოს მერე, 7 წელი არ გვიმღერია… ახლა, გვყავს ახალი წევრი… სიმღერის გაგრძელება გადავწყვიტეთ – ტრიო „სიმი“

230
ტრიო-სიმი

29 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ტრიო „სიმის“ წევრები, ზაზა ვეფხვაძე, ზურა ცქიტიშვილი და კახა ასლანიშვილი სტუმრობდნენ. 7 წლიანი პაუზის შემდეგ „სიმები“ ახალი წევრით და ახალი სიმღერით „ყველა ვარდი“ წარსდგა მსმენელის წინაშე.

საკმაოდ დიდი მუსიკალური პაუზა გქონდათ, რამდენად რთული იყო მუსიკის გარეშე ამდენი წელი და რამდენად რთული იყო ყველაფრის თავიდან დაწყება და ისევ ამ სფეროში დაბრუნება?

ზაზა ვეფხვაძე: გაჩერებულები ვიყავით… რეზოს ამბის მერე, 7 წელი არ გვიმღერია. როცა ასე აქტიურად ხარ ჩართული კარიერაში, გაქვს გასტროლები, კონცერტები და ა.შ. უცებ ამასთან ჩამოშორება, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ასევე, ძალიან რთულია, როცა ადამიანთან ერთად 35 წელი მღერი და ის გეცლება. ამის მერე სიმღერა ძალიან რთული იყო, გაგვიჭირდა. ძალიან ძნელი იყო ბევრი ვინერვიულეთ, მაგრამ სიმღერის სიყვარულმა მაინც გადაგვწონა. ახლა, გვყავს ახალი წევრი, კახა ასლანიშვილი, რომელიც ანსამბლ „თბილისის“ სოლისტია. სიმღერის გაგრძელება გადავწყვიტეთ, რადგან თეა ჯინორიამ დაწერა სიმღერა, მაკა ბლიაძის ტექსტზე და გვითხრა, გინდათ თუ არა, თქვენ უნდა იმღეროთო.

ზურა ცქიტიშვილი: ჩვენ, ფაქტობრივად, ერთი ოჯახი ვიყავით, ამიტომ არ იყო სიმღერის ხალისი და განწყობა.

როდის დაიწყო თქვენი და კახას თანამშრომლობა?

ზაზა ვეფხვაძე: დაახლოებით ორი თვეა. სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, ჩვენი პირველი ერთობლივი ჩანაწერია. ასე ვთქვათ, ახლა ვიდგამთ ფეხს.

ზურა ცქიტიშვილი: უკვე დავიწყეთ სიმღერების, რეპერტუარის შეგროვება.

კახა ასლანიშვილი: მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც უსმენდა დიდ თაობას, ისეთს, როგორიცაა „ტრიო სიმი“. ამ სიმღერებზე გავიზარდე, გულში და ყურში მიზის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მათთან ერთად სიმღერა. მოწიწებით ვექცევი ამ სიტუაციას.

ახლო მომავალში თუ გეგმავთ კონცერტებს?

ზაზა ვეფხვაძე: სანამ პროგრამას არ გავაკეთებთ, კონცერტზე ლაპარაკი ზედმეტია.

პროგრამაში ძველი სიმღერებიც შევა?

ზაზა ვეფხვაძე: რა თქმა უნდა, იქნება ძველებიც იქნება ახლებიც. რადგან თავიდან ვიწყებთ, გვინდა, რომ სიახლეც შემოვიტანოთ.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ყველა ვარდი“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ზაზა ვეფხვაძე: „ფილარმონიაში“ უნდა გამართულიყო რაღაც საღამო და სპეციალურად ამ საღამოსთვის დაიწერა ეს სიმღერა. ეს სიმღერა რამდენიმე ადამიანს უნდა ემღერა, მათ შორის, ჩვენც. მერე ეს საღამო გადაიდო და მე თეას ვუთხარი, ვინმეს ამღერე, კარგი სიმღერაა და არ უნდა დაიკარგოს-მეთქი. არა, თქვენ მინდა, რომ იმღეროთო, მიპასუხა. თქვენი ხმები მესმის და ეს სიმღერა თქვენ უნდა ჩაწეროთო. რომ არ მოგატყუოთ, სულ ძალით ჩაგვაწერინა. სიმღერა მარიკა ქაცარავას სტუდიაში ჩაიწერა, მას ეკუთვნის არანჟირება. ტექსტი მაკა ბლიაძისაა, მუსიკა კი თეა ჯინორიასი.

როგორი შეფასება მოჰყვა სიმღერას თქვენი ახლობლების მხრიდან?

თქვენ, მგონი, არ ბერდებითო, ასე გვითხრეს. მსმენელი თუ მიიღებს, ჩავთვლით, რომ გამოვიდა, რადგან მთავარი მსმენელია, სიმღერა მათთვის იქმნება.

ტრიო სიმი – ყველა ვარდი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ტრიო “სიმი” – რა გინდოდა. Live

ტრიო “სიმი”. ვიდეო კოლაჟი