ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი სახელმწიფო პოლიტიკა და ისეთი ერთიანი სტანდარტი, რომელიც გახდება ბავშვის მხარდაჭერის და ოჯახისათვის საჯარო სივრცეში ბავშვის უფლებების დაცვის მყარი საწინდარი, – ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ ბავშვთა უფლებათა კოდექსის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბავშვთა შორის ძალადობის კუთხით გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც მოითხოვს დაუყონებლივ რეაგირებას და შესაბამის ჩარევას.
“საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის და უფლებათა რეალიზაციის დახვეწილი მექანიზმების არ არსებობის კუთხით გვაქვს ჩვენ სერიოზული გამოწვევები. ძალადობის მასშტაბები არის საკმაოდ შემაშფოთებელი ბავშვთა მიმართ, ბავშვთა შორის ძალადობის კუთხით გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც მოითხოვს, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან დაუყონებლივ რეაგირებას და შესაბამის ჩარევას. ამ ყველაფერს ადასტურებს, თუნდაც გასულ თვეში მომხდარი შემზარავი ტრაგედია, რომელიც სწორედ ბავშვს უკავშირდებოდა. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი სახელმწიფო პოლიტიკა და ისეთი ერთიანი სტანდარტი, რომელიც გახდება ბავშვის მხარდაჭერის და ოჯახისათვის საჯარო სივრცეში ბავშვის უფლებების დაცვის მყარი საწინდარი,” – განაცხადა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, დიდ პრობლემად რჩება ჩვენს საზოგადოებაში ბავშვთა სიღარიბე.
“ამ კუთხით მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვთა მიმართ ზრუნვის და სოლიდარობის მდიდარი სამართლებრივი ტრადიციები არსებობს საქართველოში ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის დროს მიღებული 1921 წლის კონსტიტუციაში აღნიშნულია შემდეგი, რომ სახელმწიფო მიზნად ისახავს პირველ დაწყებით სკოლაში უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ დასახური და სასკოლო ნივთები უფასოდ მიეცეს. ამ მიზნის განსახორციელებლად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობანი თავის შემოსავლის ერთ ნაწილს გადასდებენ ყოველწლიურად. ეს ფაქტი, ეს ნორმა მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად დიდი ყურადღება ეთმობოდა საქართველოში, ჯერ კიდევ, პირველ რესპუბლიკაში ბავშვთა უფლებების დაცვას და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ ტრადიციას და უნდა დავაფუძნოთ ამ ტრადიციაზე, ჩვენს ბავშვებზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვაზე ზრუნვა.
ამ სულისკვეთებით ჩვენ დღესაც, რა თქმა უნდა, ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ არ დავიშურებთ ძალისხმევას ბავშვთა სიღარიბის პრობლემის დასაძლევად და უკვე ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს აღნიშნული მიმართულებით. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესი იყო შარშან განხორციელებული ინიციატივა, რომლითაც გამოიყო სპეციალური სოციალური დახმარება სიღარიბის ზღვარა მიღმა მცხოვრები ბავშვებისათვის. აღნიშნულის ფონზე მნიშვნელოვანია ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებებისთვის საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა. სწორედ ამ ვალდებულებათა შესრულებას და ხსენებული პრობლემების გადაჭრას ემსახურება ბავშვია უფლებათა კოდექსის მიღება, რომელიც ბავშვის უფლებების რეალიზაციაზე იქნება ორიენტირებული სახელმწიფოში არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.
მე მჯერა, რომ დღევანდელი ღონისძიება მოგვცემს დისკუსიის გაშლის საშუალებას ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე, პარლამენტის სახელით შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ ბავშვთა კოდექსის პროექტის განხილვას დაეთმობა სათანადო ყურადღება. მთელი გულისყურით მოეკიდება პარლამენტი ამ საკითხს და ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მომავალში უკეთ ვიზრუნოთ ბავშთვა უფლებების დაცვაზე და მათი უფლებების რეალიზებაზე,” – აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.