LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლს ისე უნდა მიუდგეთ, როგორც ადამიანს: კინოლოგის რჩევები და… ძაღლების ძეგლის იდეა

1187
706013-523260537686310-595513563-o

დღეს, საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურია შინაური ცხოველები. მკვლევარების დასკვნით, ძაღლის მოყვარულები ისინი ხდებიან, რომლებსაც მუდმივი მეგობარი სჭირდებათ. ხშირ შემთხვევაში, დიდი ზომის ძაღლებს ენერგიული, მეგობრული და კომუნიკაბელური პიროვნებები ირჩევენ. პატარა ზომის ძაღლებს კი ისინი ირჩევენ, ვინც შინ დიდ დროს ატარებს. მათ ვისაც ძაღლი ჰყავთ, წინსვლაზე ორიენტირებული ადამიანები არიან. ასევე, კვლევების თანახმად, ძაღლის მფლობელები მეტად სამართლიანი და მორწმუნე ადამიანები არიან.

კინოლოგი გია გიორგაძე 1990 წელს, თბილისის ზოოპარკში შემთხვევით მოხვდა. ამის შემდეგ, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

მოგვიყევით როგორ დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება ოთხფეხა მეგობრებს?

ზოოპარკში ჩემდაუნებურად მოვხვდი, სადაც ძაღლების საკითხი ძალიან მწვავედ იდგა. ოთხი ძაღლი ჰყავდათ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათ შესახებ არაფერი ვიცოდი. მხოლოდ ნაგაზს ვარჩევდი.
როდესაც მუშაობა დავიწყე, 17 ძაღლზე ვოლიერები მოვაწყვეთ. შემდეგ ქვეყანაში მძიმე პერიოდი დაიწყო. იმ დროს ძალიან რთული იყო მათი შენახვა და მოვლა. 1994 წელს ახალი დირექტორი მოვიდა და ერთი წლის შემდეგ, ჩემი ძაღლებიანად გამომაგდეს. 30 ლარად, ჩიქოვანის ქუჩაზე ფართი ვიქირავეთ და ეს ძაღლები იქ წავიყვანე.

დღეს, რამდენი ძაღლი გყავთ?

ძაღლსაშენი გვაქვს, სადაც 15-16 ძაღლი ზოოპარკის ბალანსზეა. კინოლოგიის ფედერაცია მხოლოდ ჯიშიან ძაღლებზე მუშაობს.

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ძაღლის მოვლა?

არცერთი ძაღლის მოვლა მარტივი არ არის. უმეტესობას უნდა იოლად გამოვიდეს. ადამიანი, რომელსაც ძაღლი ჰყავს, უნდა დაფიქრდეს, რამხელა პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე. გამომდინარე იქიდან, რისი საშუალება აქვს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენ ქვეყანაში ეს კულტურა ძალიან დაბალ დონეზეა.

იმ შემთხვევაში თუ ძაღლს არ ავცრით?..

საქართველოში ძალიან კარგი ვეტერინარები გვყავს. აცრა და ზოგადად, დამუშავება აუცილებელია. თუ პატრონმა ეს დაივიწყა და ვერ განახორციელა, ძალიან დიდი პრობლემები წამოიჭრება ძაღლის ჯანმრთელობის მხრივ. არ აქვს მნიშვნელობა ჯიშიანი იქნება თუ უჯიშო.

რა არის მნიშვნელოვანი ძაღლთან ურთიერთობის დროს?

ძაღლს ისე უნდა მიუდგეთ, როგორც ადამიანს. მისთვის დრო ყოველთვის უნდა გამოინახოს. მცირე ყურადღება და მოფერებაც უხარიათ. არიან ადამიანები, ვისაც ძაღლი ჰყავთ, მაგრამ ხელს ვერ კიდებენ, ბეწვი არ მოსწონთ. აუცილებლად უნდა გაიაზრონ, რომ მათ განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა უნდათ.

რამდენად რეკომენდირებულია, ძაღლს ვაჭამოთ ნებისმიერი საკვები, თუნდაც ის, რასაც ჩვენ მივირთმევთ?

არაფრის დიდებით არ შეიძლება მივცეთ ის საკვები, რასაც ჩვენ მივირთმევთ. საქართველოში დღეს ძალიან ბევრი კარგი საკვებია, უმაღლესი ხარისხის. თუმცა, დაბალი ხარისხიც არის შემოსული. რასაც ადამიანები ვიღებთ, იმაში შეიძლება ძალიან ბევრი ცხიმი იყოს, რაც ძაღლის სიკვდილიანობას იწვევს. არ შეიძლება მწარე, მლაშე ან ტკბილი. ხორცი ნამდვილად კარგია, თუმცა ძალიან ძვირია.
ძვლის მიცემაც არ შეიძლება. ძაღლი ძვალს ვერ ჭამს. ის ეძებს, რაც ძვალშია შიგნით და ამის ძიებაში შემოეჭმევათ ხოლმე. ასეთ დროს იქმნება პრობლემები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტყვეობაში ანუ სახლის პირობებში ცხოვრობს. ძალიან კარგი იქნება დაბალანსებული საკვები. ამიტომ, ცოდნა არის საჭირო. ამისთვის, სასურველია პატრონმა ვეტექიმთან, ასევე კინოლოგთან კონსულტაციები გაიაროს.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარ თავს კინოლოგს უწოდებს. ბევრია, რომლებთაც ორი-სამი ძაღლი ჰყავთ და ამბობენ, კინოლოგი ვარო. არ არის ეს ასე მარტივი. არსებობს ორგანიზაცია “საქართველოს კინოლოგიის ფედერაცია”, სადაც ჩვენ ზუსტად ვიცით, ვინ არის კინოლოგი და ვინ არა. არიან ადამიანები, რომლებიც მწვრთნელობასაც იბრალებენ და ძაღლების პატრონებს თანხებს ართმევენ. აუცილებლად უნდა მოითხოვონ საბუთი, რომელსაც მხოლოდ ჩვენ გავცემთ. ახლაც ჩამოგვყავს მწვრთნელი, რომელიც ჩვენს სპეციალისტებს გადაამზადებს და სერთიფიკატებს გავცემთ.

ვიცით, რომ დიდი ხანია ძაღლების ძეგლის დადგმა გსურთ…

ძაღლების ძეგლის იდეა 21 წლის წინ მომივიდა. რამდენიმე ქვეყანაშია ძაღლის ძეგლი. საქართველოში კი მხოლოდ გინებაში თუ გამოიყენება: “მამაძაღლო”, “შობელძაღლო”, “ძაღლი მიგაკვდა” და ა.შ.
გავაკეთე ანგარიშის ნომერი, სადაც თანხას ვაგროვებ. იმისათვის, რომ ეს იდეა სისრულეში მოვიყვანო. დაახლოებით 30 ათასი დოლარია საჭირო. მინდა, რომ სამი ქართული ძაღლის ქანდაკება ნებისმიერ ადგილზე დაიდგას. ყველაფერი მაქვს გამზადებული ნახატი, ნიმუში. აღმოჩნდა, რომ თბილისში ნებისმიერი ქანდაკების დადგმა აკრძალულია.

იდეის განხორციელებაში არავინ გეხმარებათ?

გამოჩნდა ადამიანი, რომელიც საკრებულოში გვეხმარება. ეს არის გიორგი დოხტურიშვილი, მას ეკოლოგიის საკითხები ეხება და შესაძლოა ძეგლი რუსთავში დაიდგას, სადაც უზარმაზარი პარკი კეთდება და ამ ქანდაკებისთვის მხოლოდ 3-4 კვ/მ არის საჭირო.
ძალიან მინდოდა რიყეზე დაგვედგა, რადგან იქ 1931 წელს კავკასიური ნაგაზების გამოფენა ჩატარდა და მსურდა სიმბოლურად იქ ყოფილიყო, მაგრამ არ გამოდის. ყველგან მაქვს წერილი გაგზავნილი, თუმცა არანაირი გამოხმაურება არ არის. ისიც კი ვუთხარი, რომ ბიუჯეტის თანხა არ მინდოდა და მე თავად მოვაგროვებდი.

არსებულ ანგარიშზე კი ირიცხება თანხები: 1 ლარი, 3 ლარი და ა.შ. ამ ეტაპზე დაახლოებით 800 ლარი მოგროვდა.
მედიის დახმარებით იმედი მაქვს, რომ შესაბამის ადამიანებამდე მიაღწევს ეს საკითხი და იდეის განხორციელებასაც შევძლებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები