გაკეთდეს ავთანდილ ცხვედიანის და მისი დაღუპული ოთხფეხა მეგობრის ძეგლი/მემორიალი – ამ მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება. მოქალაქეები ითხოვენ, რომ 5 აგვისტოს, ქობულეთში ძაღლის გადასარჩენის დროს დაღუპულ 51 წლის მამაკაცს მემორიალი დაუდგან.
როგორც პეტიციის ავტორები წერენ, იმ შემთხვევაში თუ პეტიცია საკმარის ხმებს შეაგროვებს, ამ ძეგლს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია გააკეთებს.
“საქართველოში მოხდა ადამიანის მხრიდან ცხოველისადმი თანადგომის და დახმარების უპრეცედენტო შემთხვევა.
ქობულეთში, საკუთარი ძაღლის გადარჩენის დროს, 51 წლის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა 5 აგვისტოს, ქობულეთში მდინარე კინტრიშსა და ზღვის შესართავთან მოხდა.
ქობულეთში ზღვაში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო
მამაკაცი ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. ძლიერი ტალღების გამო, მან უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო.
გარდაცვლილი ავთანდილ ცხვედიანი, როგორც მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა განაცხადა, ცხოველებზე შეყვარებული ადამიანი იყო. მან ერთი ძაღლის გადარჩენა მოასწრო, მეორესთან ერთად კი დაიღუპა.
ავთანდილს მისი საკუთარი შვილები არ ჰყავდა და ის ძაღლებზე ზრუნვით იყო დაკავებული. მისი ოთხფეხა მეგობრები მისთვის ყველაფერი იყვნენ. ის უვლიდა და აპურებდა როგორც უბნის ძაღლებს, ასევე საკუთარს.
“პირადად მას ორი ძაღლი ჰყავდა, უვლიდა მათ და ეს იყო მისი ბედნიერება. ერთი დახრჩობას გადაარჩინა და მეორე ძაღლის საშველად რომ შევიდა, ამ დროს ეს ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა. ის იყო უკეთილშობილესი ადამიანი, ერთგული მეგობარი და უწესიერესი ქართველი ვაჟკაცი! ნაკითხი და განათლებული კაცი. ცხოველთა ერთგული და უანგარო მეგობარი. ის ყველას ასეთი ემახსოვრება და ის ძალიან დაგვაკლდება.”- განაცხადეს მისმა მეგობრებმა.
სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად მაშველებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ჩვენი პეტიციის მიზანია, საქართველოში ასეთი უპრეცედენტო, ადამიანის მხრიდან ცხოველისადმი თავგანწირვის საოცრად ზეჰუმანური ფაქტის გამო, ნიშნად ადამიანის ცხოველისადმი სიყვარულის და თანადგომისა, გაკეთდეს ამ საოცარი ადამიანის, ავთანდილ ცხვედიანის და მისი დაღუპული ოთხფეხა მეგობრის ძეგლი/მემორიალი. ცხოველის და ადამიანის მეგობრობის და სიყვარულის უპრეცედენტო ისტორიების გარშემო არსებობს მსოფლიოში მსგავსი მემორიალები,რაც ადამიანებში ჰუმანურ მენტალიტეტს და ცხოველთა მიმართ სიყვარულის გრძნობას ამაღლებს.
ჩვენი პეტიციის მიზანიც სწორედ ესაა, ამ ტრაგიკული შემთხვევის, ამ ადამიანის და მისი ოთხფეხა მეგობრის მემორიალი გახდეს ქართველი ხალხისა და ახალგაზრდობისთვის ჰუმანური მენტალიტეტის ამაღლების და ცხოველთა მიმართ მეგობრობის და თანადგომის მაგალითი!
თუ ეს ჰუმანური პეტიცია თქვენს საკმაო ხმას შეაგროვებს, ყველასათვის ცნობილი მოქანდაკე ირაკლი ჟვანია დიდი ენთუზიაზმით მზადაა განახორციელოს ის. ასე რომ, თქვენი დახმარება გვჭირდება მეგობრებო!!! ერთად განვახორციელოთ და ეს სიყვარულის და თავგანწირვის პროექტი და ხორცი შევასხათ ამ ზეჰუმანური გმირი ადამიანის ხსოვნას.” – წერია პეტიციაში.