LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუმის არჩევნებში აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან 25 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა 

76
რუსეთი არჩევნები

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გახსნილი „საელჩოების“ წინასწარი მონაცემებით, დუმის არჩევნებში მონაწილეობა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მუდმივად მცხოვრებმა, ან დროებით მყოფმა რუსეთის 25 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო

აქედან 14 ათასზე მეტმა ოკუპირებულ აფხაზეთში და 11 ათასზე მეტმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. მათ შორის არიან რუსული ბაზების სამხედროები, რომელთა საერთო რიცხვი 8 ათასამდეა.

დუმის არჩევნებში ხმა მისცეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტებმა, ასლან ბჟანიამ და ანატოლი ბიბილოვმა, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ.

დუმის არჩევნებისთვის რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი შეუერთა ჩიტის, იმიერბაიკალეთის, ვორონეჟის, სამარის და ლენინგრადის ოლქებს.

რუსეთის დუმის არჩევნებისთვის, რომელიც 17-19 სექტემბერს ჩატარდა, ოკუპირებულ აფხაზეთში 9 უბანი იყო გახსნილი, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში – 10.

“პასპორტიზაციის პროცესი“ და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიცემა, რუსეთმა ამ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის”  ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებამდე, ანუ 2008 წლის აგვისტომდე, წლებით ადრე დაიწყო.

რუსეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, 450-წევრიან დუმაში საკონსტიტუციო უმრავლესობა შეინარჩუნა პრეზიდენტ პუტინის მხარდამჭერმა პარტიამ “ერთიანი რუსეთი”. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ 4-მა საარჩევნო სუბიექტმა: „კომუნისტური პარტია“, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“, „სამართლიანი რუსეთი-პატრიოტები-სიმართლისთვის“ და „ახალი ხალხი“.