პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად პოლონელი ხალხი მზადაა, საკუთარი კეთილდღეობა შესწიროს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
დუდას თქმით, შესაბამისად, ქვეყნის მთავრობა შემდეგი წლისთვის თავდაცვის ხარჯების 3%-ით გაზრდას გეგმავს.
ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტმა გაიხსენა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ რუსეთისთვის პირველი ნაბიჯი საქართველოა, მეორე უკრაინა და მესამე – პოლონეთი. ჟურნალისტი დაინტერესდა, გრძნობენ თუ არა პოლონელები რუსეთისგან რეალურ საფრთხეს, რაზეც ანჯეი დუდამ უპასუხა:
„დიახ, პოლონელ ხალხს ეშინია რუსეთის, ჩვენ გვაქვს ისტორიული გამოცდილება. მათ არ სურთ რუსეთის გავლენის სფეროში ყოფნა, ამიტომ დღეს პოლონელები მზად არიან, საკუთარი კეთილდღეობა შესწირონ, რათა გააძლიერონ ჩვენი შეიარაღებული ძალები. მივიღეთ ახალი კანონი, რომელიც სამხედრო ხარჯებს ზრდის არა მხოლოდ მშპ-ს 2 პროცენტამდე, რა სტანდარტსაც ნატო აწესებს, არამედ 3 პროცენტამდე მომდევნო წლისთვის.
ვგეგმავთ, რომ შემდეგ წლებში ამ ზღვარსაც გავცდეთ. გვსურს, ჩვენი არმია 250 000 პროფესიონალ სამხედრომდე გავზარდოთ და ტერიტორიული თავდაცვის ძალები 50 000 ჯარისკაცამდე. სხვა სიტყვებით 50 000 მოხალისემდე გავზარდოთ. ასევე, გვსურს, გავაძლიეროთ სამხედრო ინფრასტრუქტურა“.