დღეს, 22 მაისს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ უკრაინის უმაღლეს რადას მიმართა. მის სიტყვებს უკრაინელი დეპუტატი, რომან ჰრიშჩუკი ავრცელებს და პოლონეთის პრეზიდენტს მადლობას უხდის.
მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს: პოლონეთის პრეზიდენტი უმაღლეს რადაში
“ძვირფასო უკრაინელებო, თქვენი ახლობლები – ცოლები, მშობლები, შვილები – მათ, ვისაც იძულებით მოუწიათ პოლონეთში წამოსვლა, არ არიან ლტოლვილები ჩვენს ქვეყანაში. ისინი ჩვენი სტუმრები არიან!”, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
დუდა პირველი უცხოელი ლიდერია, რომელი უკრაინელი კანონმდებლების წინაშე გამოვიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თებერვლის ბოლოს. მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას რუსეთთან ომში და სხვათა შორს დაჰპირდა კიევს, რომ ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის.
ამასთან, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა, „თავისუფალ სამყაროს ახლა უკრაინის სახე აქვს“. მისივე სიტყვებით, ევროპაში ისმის ხმები, რომ უკრაინა დათმობებზე უნდა წავიდეს. ამ ქვეყნის გარდა არავინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის მომავალზე და უკარნახოს მშვიდობის პირობები მას.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოლონეთთან შეთანხმდნენ, რომ საზღვრის კვეთა გამარტივდება.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ქვეყნები ახლა ძალიან დაახლოვდნენ, უკრაინული ქალაქები პოლონელებს დაუმეგობრდნენ, ხოლო ხალხი დაძმობილდა.