“თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გრძელდება დამატებითი საწოლფონდის შექმნა და 2021 წლის დასაწყისიდან ეს იქნება ჩვვნი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც შექმნის სტაბილურ გარანტიას ჰოსპიტალური სექტორისთვის.” – როგორც საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, დამატებითი საწოლფონდის შექმნა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სექტორმა რყევებისა და დარტყმების გარეშე განაგრძოს მულტიპროფილური სერვისების მიწოდება საჭიროების შემთხვევაში:
“იქმნება ალტერნატიული, დამატებითი რესურსი იმისთვის, რომ გამოვიყენოთ მზარდი ეპიდემიის პირობებში და როგორც ხედავთ, უპროგნოზოა ამ ვირუსის ქცევა და მიმდინარეობა და შეიძლება ველოდოთ ახალ შტამებს და ტალღურ მიმდინარეობას, ვიდრე არ გვექნება ვაქცინაციით შესაბამისი მოცვა.” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მან ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა და თქვა, რომ სიტუაციის გაუმჯობესებაზე საუბარი ნაადრევია:
“ჯერჯერობით ჩვენ გაუმჯობესებაზე ვერ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ სტაბილიზაციაზე, თუმცა კლება და იმისი დაბეჯითებით თქმა, რომ პიკი გადავიარეთ და ეპიდემიის მიმდინარეობაში უკვე დაღმავალი ტენდენცია გვაქვს, ცოტა რთულია და ნაადრევია. თითოეული შემსუბუქება და ისევ შეზღუდვა საჭიროებს ორკვირიან ინტერვალს იმისთვის, რომ მისი შედეგები თვალსაჩინო იყოს. ასე რომ არ უნდა ვიჩქაროთ, ასეთია ჩვენი პოზიცია.” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი, 10-დან 20 იანვრამდე შესაძლოა შემთხვევებმა მოიმატოს: იმნაძე
გაბუნიამ ჰოსპიტალურ სექტორში გაუმჯობესებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ამ დროისთვის სექტორში 2 000 თავისუფალი ადგილია:
“ჰოსპიტალურ სექტორში ცალსახად იგრძნობა სტაბილიზაციის ნიშნები. დატვირთვა იკლებს, განსაკუთრებით, ეს თვალსაჩინოა აჭარაში, სადაც კოვიდჰოსპიტლები 50%-იანი დატვირთვით მუშაობენ, რაც იმედისმომცემია. 2000-ს გადააჭარბა თავისუფალი საწოლების რაოდენობამ, რომელიც არის მობილიზებული იმისთვის, რომ თუ საჭირო გახდა, მოხდეს პაციენტების ჰოსპიტალიზაცია.
შემთხვევების რაოდენობის სტაბილიზაციის პირობებში, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორისთვის დიდი შეღავათია ის, რომ პაციენტების ნაკადები შემცირდა.” – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
შეზღუდვების რეალური შემსუბუქება, შესაძლოა, პირველი თებერვლიდან განვიხილოთ: გახარია