LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

DRI საქართველოს ხელისუფლებას უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს

102
არმია

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ეხმიანება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესიის აქტს, გაეროს წესდების მე-2(4) მუხლით გათვალისწინებული ძალის გამოყენების აკრძალვის უნივერსალური პრინციპის დარღვევას და მასობრივი საომარი მოქმედებების დაწყებას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მასობრივი საომარი მოქმედებების დაწყებას.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია საქართველომ გამოიყენოს ყველა არსებული შესაძლებლობა სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზების გარდა, სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის კრიტიკული რისკის შემცველია საქართველოში მოქმედი რადიკალური იდეოლოგიის მატარებელი, სავარაუდოდ, რუსული დაფინანსებით მოქმედი ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც აქტიურად ეწევიან მხარდამჭერთა რეკრუტირებას სოციალური ქსელებისა და საჯარო შეკრებების მეშვეობით.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ‚დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დაკვირვება ცხადყოფს, რომ აღნიშნული რადიკალური ჯგუფების აქტიურობას დიდწილად ხელი შეუწყო სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობამ.

„შეიარაღებული კონფლიქტის პარალელურად, რეალური ხდება აღნიშნული დაჯგუფებების მიერ სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ჩადენის რისკები.

ამავდროულად, უკიდურეს შეშფოთებას იწვევს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების ნაკლებობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის შექმნილ რეალურ გამოწვევებზე.

შესამჩნევია საქართველოს მთავრობის სრული ინერტულობა და მიზანმიმართული ინფორმაციული ვაკუუმის შექმნა, რაც მოსახლეობისთვის არასათანადო და არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდებაში გამოიხატება;

მაშინ, როდესაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ნატოს წევრ ქვეყნებში – ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი; პარალელურად კი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეინიშნება შეიარაღებული მობილიზაცია“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი”მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს:

  • • სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად, დააფიქსირონ პრინციპული პოზიციები სახელმწიფოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის და მოსახლეობის დასაცავად
    • მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და სახელმწიფოს მიერ საფრთხის პრევენციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე
    • მოხდეს გადამჭრელი ზომების მიღება რადიკალური იდეოლოგიის მხარდამჭერი ორგანიზაციების ან/და ასეთ ორგანიზაციებთან ასოცირებული პირების მიმართ. სახელმწიფომ შემჭიდროებულ ვადებში გამოიძიოს აღნიშნული ჯგუფების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობრივი დანაშაულები შესაბამისი პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით
    • მიიღოს ზომები რადიკალური იდეოლოგიის მხარდამჭერი ორგანიზაციების, მათი ორგანიზატორების ან/და ასეთ ორგანიზაციებთან დაკავშირებული პირების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად
    • მითითებულ რადიკალურ ჯგუფებსა და პოლიტიკურ პარტიებს შეუწყდეთ ნებისმიერი სახის სახელმწიფო დაფინანსების ან სხვა სახის მხარდაჭერის მიწოდება.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები