მასაჟისტ დოროტი შტეინის, იგივე დოქტორ დოტის, თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით საქმე არ არის აღძრული და მისი ვიზიტის ხარჯები სდსს-ს არ გაუწევია.
ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა.
“დოქტორ დოტის დაკითხვაზე ინფორმაცია საერთოდ “ღადაობაა”. დოქტორ დოტიზე საერთოდ მასალები არ არის და მისი ხარჯი საერთოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს არ გაუწევია. ეს ინფორმაცია არის შავი პიარისთვის. დოქტორ დოტი იყო ჩამოსული თბილისში და მისი ეს მოგზაურობა დააფინანსა ადმინისტრაციამ. ბრალდება ხმამაღლა რომ წაიკითხო, შეიძლება “გააცინე და მოიგეში” 2 ათასი ლარი მოიგო. იქ წერია, რომ დოქტორ დოტის ჩამოსვლა რადგან საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ამიტომ დაადო პრეზიდენტმა გრიფი მსგავს ხარჯებს და ამით გაიფლანგა თანხები,” – განაცხადა ჯანაშიამ.
მისივე თქმით, დოქტორ დოტის ვიზიტზე გაწეული ხარჯებისთვის პროკურატურას არავინ დაუკითხავს.
“დოქტორ დოტის ვიზიტის ხარჯები პროკურატურაში დევს, საქმე არ არის აღძრული, არავინ დაუკითხავთ ადმინისტრაციიდან მარტივი მიზეზის გამო – მე ვიყავი სამიზნე და არა ადმინისტრაცია,” – აღნიშნა ჯანაშიამ.
დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმე დოქტორ დოტის ეპიზოდით განახლდა.