თბილისში რიყის პარკში მდებარე მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო ცენტრის შენობა მსოფლიოს კულტურული დაწესებულებების 10 საუკეთესო ნაგებობის ჩამონათვალშია. ამის შესახებ designboom.com წერს.
„რიყის დოქების“ შეფასებას მიესალმება არქიტექტორი ირაკლი ჟვანია. მისი განცხადებით, სასიხარულოა, რომ ნაგებობა კუტურული შენობებს შორის მოწინავე პოზიციაზეა.
’’შენობა რომ საუკეთესო ნაგებობების ჩამონათვალში დასახელდა, მისასალმებელი ფაქტია. მიმაჩნია, რომ რიყის ე.წ. დოქები არქიტექტურულად ძალიან კარგია, მაგრამ არ მომწონს მისი ადგილმდებარეობა. ნაგებობა ქალაქის ისტორიულ ნაწილში უხეშად არის ჩასმული და ფარავს ხედებს სხვადასხვა წერტილებიდან, შესაბამისად, არ არის შერწყმული ისტორიულ გარემოსთან. ის, რომ აღნიშნული შენობა 10 საუკეთესო ნაგებობის ჩამონათვალშია, თავისთავად მიუთითებს შენობის ეფექტურობაზე. საინტერესო ნაგებობაა( ან არქიტექტურაა), მომწონს, მაგრამ აბსოლუტურად არ შეესაბამება გარშემო არსებულ კონტექსტს. აქედან გამომდინარე, თუკი შენობის სხვა ადგილას გადატანაზე იქნება საუბარი, მხარს დავუჭერ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გავიზიარებ მოსაზრებას მის სრულად დანგრევასა და განადგურების შესახებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნაგებობა ლამაზი და საინტერესოა, მაგრამ რიყეს არ უხდება’’- განაცხადა არქიტექტორ ირაკლი ჟვანიამ.
არქიტექტურისა და დიზაინის შესახებ გამოცემა წერს, რომ ნაგებობა იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუკსასიმ დააპროექტა. მილის ფორმის კონსტრუქციაში მუსიკალური თეატრი და საგამოფენო დარბაზი განთავსდება. ნაგებობა გამორჩეულია თავისი ფორმით, რომელიც ოპტიკურ სათვალთვალო მოწყობილობას ჰგავს.
სალომე კვარაცხელია