LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტუსკმა EPP-ის კონგრესზე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა

84
BeFunky-collage (2)

ევროპული საბჭოს ყოფილმა და „ევროპის სახალხო პარტიის (EPP)“ მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გამართულ EPP -ის კონგრესზე პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა:

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მიუხედავად იმისა, თუ სად ვიმყოფები და რა ტკივილებს განვიცდი სხეულში, ვგრძნობ „ევროპის სახალხო პარტიის (EPP)“ ოჯახის ძალას, ჩემი პოლიტიკური ოჯახის. ყოველთვის, ყველაზე ბნელ საათებში, ჩვენი ღირებულებები და ჩვენი ლიდერები აჩვენებენ გზას ნათელი მომავლისკენ. დღეს ეს პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ. უკრაინას სჭირდებით. საქართველოს სჭირდებით. ევროპა თქვენ გარეშე არაფერია.

მთელი ჩემი ცხოვრება ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას მივუძღვენი, რომელსაც პუტინი და ივანიშვილი განასახიერებენ, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი ევროპული საზოგადოების საფუძველს – თავისუფლებას, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. არ შევშინდეთ, ვიბრძოლოთ ერთად, გაერთიანებულებმა. ისტორიამ გვასწავლა, რომ ჩვენი კოლექტიური უარის თქმის ფასი მკვეთრად ძვირია.

გული მწყდება ათასობით უკრაინელზე, ჩემს მეგობრებზე, რომლებიც იარაღით სწირავენ სიცოცხლეს ევროპული ოცნების სახელით. თუ უკრაინა დაეცემა, მას ბევრი სხვა მიჰყვება, ჩემი საყვარელი საქართველოთი დაწყებული. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ეს მოხდეს. ძალას ვეძებ, გადავლახო ჩემი ტანჯვის დღეები, ვფიქრობ ჩემი ძვირფასი მეგობრის ვილფრიდ მარტენსის მემკვიდრეობაზე, რომელმაც „ევროპის სახალხო პარტიაში“ მიმიღო, მაშინ, როდესაც რუსები უკვე ემუქრებოდნენ საქართველოს. მახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელსაც ჩემი ძველი მეგობარი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობდა. სანამ ჩემი ჯანმრთელობა ამის საშუალებას მომცემს, არ დავნებდები, მაშინაც კი თუ ეს უკანასკნელი ფასის გადახდას ნიშნავს. როგორც ჟან მონემ თქვა, „მე არ ვარ პესიმისტი, მე არ ვარ ოპტიმისტი, მე უდრეკი ვარ“. თავისუფლება გაიმარჯვებს და დიდ ახალ ეპოქას გაუხსნის გზას“- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესისადმი გაგზავნილ მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები