დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „სტაბილური გენიოსია“.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ეს ფრაზა მაშინ თქვა, როდესაც მედიასაშუალებების ნაწილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ვრცელდება ცნობები, თითქოს ტრამპი გაბრაზებულია, რადგან მის მიერ არჩეულმა კონგრესმენობის რამდენიმე „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა შუალედური არჩევნები წააგო.
ტრამპმა საზოგადოებას მოუწოდა, ეს არ დაიჯეროს:
„მივმართავ მათ, ვინც კორუმპირებული მედიის ყალბი ნარატივით იკვებება, რომ მე თითქოს გაბრაზებული ვარ შუალედური არჩევნების გამო – არ დაიჯეროთ. არ ვარ გაბრაზებული, ჩემი სამუშაო მშვენივრად შევასრულე (მე კენჭს არ ვიყრიდი). მე ახლა ძალიან დაკავებული ვარ მომავლის ხედვით. გახსოვდეთ, რომ „სტაბილური გენიოსი“ ვარ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.
CNN-ის ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 211 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 198 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.