გამოჩნდა, რომ რეალურად არჩევნებში, მიშა სააკაშვილის გათავისუფლების დროშით მოსული ადამიანების მთავარი მოტივაცია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ჩაგდება, პარტიის მიტაცება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, შიდაპარტიული არჩევნების დროს გაცემული დაპირებები, მხოლოდ ფასადი და ტყუილი აღმოჩნდა.
„არ მიმაჩნია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ადამიანის საკუთრებაა. ეს პარტია ყოველთვის ახერხებდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ერთად გაერთიანებას. დღეს ვხედავთ, რომ პარტიაში არის ჯგუფი, რომლის მთავარი ამოცანაა მიტაცება. გამოჩნდა, რომ რეალურად არჩევნებში, მიშა სააკაშვილის განთავისუფლების დროშით მოსული ადამიანების მთავარი მოტივაცია იყო პარტიის ხელში ჩაგდება, პარტიის მიტაცება. მხოლოდ და მხოლოდ სკამები, თანამდებობები – 3 თვის განმავლობაში მხოლოდ ეს მესმის. რეალურად, დაპირებები, რომელიც თავის დროზე უხვად გასცეს, აღმოჩნდა მხოლოდ ფასადი, ტყუილი.
მიუხედავად იმისა, რომ ლევან ხაბეიშვილი და კონკრეტული ჯგუფია დღეს სათავეში, პარტიის ნახევარი რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე დგას. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა ჯერ მივაღწიოთ სიტუაციის სტაბილურობას და შემდგომ ერთიანობას“, – განაცხადა დოლიძემ.
მისი შეფასებით, პარტიიდან თითოეული წევრის წასვლით „ნაციონალური მოძრაობა“ სუსტდება.
„ნებისმიერი ადამიანი პარტიისთვის და საერთო საქმისთვის დანაკლისია. ძალიან მიკვირს, რომ ჩვენი მეგობრები მიზანმიმართულად, არა თუ რიტორიკას კი არ ეწევიან წასვლასთან დაკავშირებით, არამედ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ყველა კარს უკეტავენ. თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ დაიწყო პარტიის მიტაცება.
პარტიის ნახევრის აზრის იგნორირება არის უტოპიური შეცდომა. ეს არის კონკრეტული ქმედება, იმისათვის, რომ პარტია დაიშალოს. სანამ ასეთ რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამენ, გაცილებით მეტი დაფიქრება სჭირდება ახალ მენეჯმენტს. მასიურად ვხედავთ ჩვენი მხარდამჭერების იგნორირებას“,- განაცხადა მან.
დოლიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც არცერთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ იღებს.
„დღეს, სამწუხაროდ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გვყავს თავმჯდომარე, რომელიც არცერთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ იღებს. ოფისში რომ მიხვიდეთ რაღაც გადაწყვეტილების მისაღებად, თავმჯდომარის ოთახში ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღება, იმიტომ, რომ თავმჯდომარემ ჯერ ერთი ადამიანს უნდა დაურეკოს, შემდეგ მეორე ადამიანს, შემდეგ ამ ორმა ადამიანმა ერთმანეთს უნდა დაურეკონ, პოზიციები შეათანხმონ და შემდეგ მიიღებენ, რაღაც გადაწყვეტილებას.
ლევან ხაბეიშვილის ამომრჩეველმა ლამაზი თვალების გამო კი არ მისცა ხმა, ხმა მისცა იმიტომ, რომ თავდაჯერებულად და კონკრეტულად ეუბნებოდა, რომ უმოკლეს დროში შეძლებდა მიხეილ სააკაშვილის დახსნას. ამის შემდეგ რას ვიღებთ: ხან პოლიტსაბჭოს დაეტაკნენ, საკრებულოდან ჩვენი ერთგული მხარდამჭერების სიიდან ამოღება დაიწყეს, პარალელური ოფისების გახსნა“,- განაცხადა დოლიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელ კონფიგურაციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე სასურველი მეტოქეა „ქართული ოცნებისთვის“.
„ლევანი თავიდან ამბობდა, რომ თავმჯდომარეობა არ უნდოდა, მაგრამ სხვა ვინმე რომ ვერ ნახეს, მოუწიათ ლევანის კანდიდატურის დაყენება. დღევანდელი კონფიგურაციით, უპირატეს მდგომარეობაშია ვანო მერაბიშვილი, ვიდრე სხვა (ამ შემთხვევაში დავით კეზერაშვილს ვგულისხმობ). დღევანდელ კონფიგურაციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე სასურველი მეტოქეა „ქართული ოცნებისთვის“,- აღნიშნა დოლიძემ.