LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოდონა ნამორაძე: „ემიგრანტებს ჩემზე დიდი ამაგი აქვთ და ძალიან ვუყვარვარ… „იუმორინაზე“ ჩემი გამოსვლაც საბერძნეთში დაიგეგმა…“

644
დოდონა-ნამორაძე

დოდონა ნამორაძე fortuna.ge-ს საკუთარი წარმატებული პერიოდის, დღევანდელი ეტაპისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

დოდონა ნამორაძე: 

საბერძნეთის „ვოისიდან“ დაწყებული, ძალიან წარმატებული პერიოდია. მგონია, უკვე არის ის ფაზა, როცა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გზა სხვანაირად იწყება. თუ აქამდე ვიყავი კონკურსების მონაწილე, ახლა უკვე ჟიურიში ვზივარ, მაგალითად, ახლახან ვიყავი „გვაჩვენე შენს ხმაში“, მუსიკალურ ექსპერტად. ეს ძალიან დიდი ნახტომია, რაც ძალიან მახარებს. მალე, რამდენიმე თვეში, საავტორო სიმღერებსაც წარვუდგენ ჩემს მსმენელს.

ეს, ალბათ, ყველა მომღერლის ოცნებაა… „იუმორინაზე“ საკმაოდ დიდი გამოსვლა გქონდათ და დიდი წარმატება ამანაც მოგიტანათ. როგორ შემოგთავაზათ გია ბაღაშვილმა მონაწილეობა?

ეს ძალიან სახალისო ამბავია, რომლის მოყოლაც ძალიან მიყვარს.  საბერძნეთში „ვოისზე“ გამოსვლისას გავიცანი ბატონი ავთანდილ მიქაბერიძე, რომელიც ემიგრანტთა ცენტრ „კავკასიის“ დამფუძნებელია. მან გაუწია ორგანიზება ჩემს პირველ კონცერტს ათენში. ემიგრანტებს ჩემზე ძალიან დიდი ამაგი აქვთ და ძალიან ვუყვარვარ, ჩართულები იყვნენ „ვოისში“. როცა ბატონი გია ბაღაშვილი ბატონმა ავთანდილმა ათენში დაპატიჟა, მაშინ თბილისში ვიყავი. სურდა, რომ გია ბაღაშვილი გამეცნო პირადად, მიყიდა ბილეთი და მეც ჩავედი ზუსტად იმ პერიოდში. ერთ დღესაც, როცა ვლაპარაკობდით მუსიკაზე და მის ჟანრებზე, ბატონი ავთოს მანქანაში მოიხაზა ჩემი „იუმორინაში“ მონაწილეობის ამბავი. შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ ნომრის მომზადებაში ძალიან დიდი შრომა ჩაიდო. დიდი მადლობა ბატონ ავთანდილს, რომელიც გახდა ჩემი მენტორი. ბატონ გიას კი დიდი მადლობა, რომ მისგან ამდენი რამ ვისწავლე.

მაგალითად, რა ისწავლეთ?

ერთი წლის წინანდელ ჩემს თავს და შემდეგ „იუმორინაზე“ გამოსვლას რომ ვუყურებ, ძალიან დიდ ცვლილებას ვამჩნევ. რა თქმა უნდა, წლები ხვეწს მომღერალს, მაგრამ გია და ჯემალ ბაღაშვილებთან მუშაობამ ძალიან ბევრი რამ შემძინა. „ქუჩის მუსიკოსებს“ აქვთ ძალიან დიდი წვლილი ამ ნომრის მომზადებაში, ვირტუოზები არიან და მიხარია, რომ ლევან შენგელიასა და ხვიჩა მაღლაკელიძესთან ერთად მომიწია სცენაზე დგომამ. მათთან ერთად რომ გავდიოდით რეპეტიციებს, დიდი მოტივაცია მომეცა, რომ მეც „წამევირტუოზებინა“ (იცინის). ვცდილობდი, მათ გვერდით თავი ღირსეულად წარმომეჩინა, ისე, როგორც მათ შეეფერებოდათ. ყველაფერი გავაკეთე ამისთვის. ხალხის რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, მგონი, გამოვიდა.

გია ბაღაშვილს როგორ მოეწონა?

ძალიან. მართლა დიდი შრომა ჩავდეთ. მერე ვსაუბრობდით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო სხვანაირად. მუსიკოსები ყოველთვის კრიტიკულად ვუდგებით საკუთარ გამოსვლებს. როდესაც ვუყურებდი და ვუსმენდი, ვფიქრობდი, დროში დაბრუნება რომ შემეძლოს, რამეს თუ დავამატებდი ან ამოვაკლებდი, მაგრამ არაფერი მოსჩვენებია ზედმეტად. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რომ „იუმორინაზე“ დებიუტი მქონდა და 22 წუთი ვიდექი სცენაზე ამ საოცარ ადამიანებთან ერთად.

არის საუბარი შემდგომ თანამშრომლობაზე?

დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ თანამშრომლობას. ჩვენი მეგობრობა გრძელდება, გვაქვს პროექტები, გადაცემები იქნება თუ კონცერტები. მაქვს ახალი გვერდი დოდონა ნამორაძე – ქართულად და ლათინურად. ორ თვეში 22 000 მიმდევარი მყავს. ძალიან მიხარია ეს ამბავია. ამ გვერდზე ვდებ ყველანაირ ინფორმაციას. თუ რამე კონცერტი დაიგეგმება, ამ გვერდიდან შეიტყობთ.

ბარბარა სამხარაძესა და ანა უზნაძესთან ერთად საინტერესო ტრიო შედგა…

ჩვენ ტრიო არ ვართ. ათენში ერთხელ ჩატარებული კონცერტის შემდეგ ავთანდილ მიქაბერიძისა და გვერდის Georgians.gr მხრიდან ისევ წამოვიდა სოლოკონცერტის შეთავაზება. მე გამოვხატე სურვილი, რომ რამდენიმე ადამიანი წამეყვანა. სრული თავისუფლება მომცეს მათ არჩევაში. ბარბარა მანამდე ერთხელ მყავდა ნანახი, ანა – ორჯერ. ჩვენ მანამდე მეგობრები არ ვყოფილვართ. აზრი გამიჩნდა, რომ სამი გოგო ვყოფილიყავით და არ მინდოდა, ჩვენ შორის რაიმე კონკურენციის განცდა გაჩენილიყო, ამიტომ გადავწყვიტე, რომ სამი სხვადასხვა ჟანრის მომღერალი წავსულიყავით. შევთავაზე, დამთანხმდნენ, მადლობა მათ. ჩავატარეთ კონცერტი, რომელსაც ემიგრანტებიც ესწრებოდნენ და ბერძენი საზოგადოებაც. ჩვენი ხმები ერთმანეთს ძალიან მოუხდა, ოთხი თუ ხუთი სიმღერა შევასრულეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი რეპერტუარი და სამ ხმაში ვიმღერეთ. ბარბარასთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა იმღერა ხმებში და ძალიან კარგი იყო. ანა 16 წლისაა და ძალიან დიდი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მიხარია, რომ მათთან ერთად სიმღერის შესაძლებლობა მომეცა და დიდი მადლობა ამისთვის. მომავალში არ აპირებს ტრიოდ ჩამოყალიბებას, მაგრამ თუ იქნება შესაძლებლობა, რომ სამივემ ერთად ჩავატაროთ კონცერტები, უარს არ ვიტყვით…

შოუბიზნესში თავის დამკვიდრება არ არის ადვილი. ალბათ, ბევრი სიძნელე გამოიარეთ, სანამ აქამდე მოხვიდოდით…

როდესაც იხურება ერთი კარი, მეორე იხსნება – ეს მე არ მომიგონია, მაგრამ გამოცდილებამ მასწავლა. ბავშობიდან პოზიტიური და ბედნიერი ადამიანი ვარ. სულ ვცდილობ, როცა რაღაც ცუდი ხდება, ჩემს თავს შემოვუძახო, რომ უკეთესი მელოდება წინ. ცხოვრებამ მეხმარება ამაში და გარშემო მყოფი ადამიანებიც.

პირად ამბებში რა ხდება?

მყავს შეყვარებული და ვარ ძალიან ბედნიერი. ამას ვამბობ ყველგან (იღიმის).

არ გიყვართ საჯაროდ საუბარი პირად თემებზე?

ახლო ადამიანებმა იციან, ყველა იცნობს, „ფეისბუქზეც“ ვდებთ ფოტოებს, მაგრამ პირადი ურთიერთობა იმიტომ ჰქვია, რომ დარჩეს პირად სივრცეში.

სიმღერები, ძირითადად, სიყვარულზეა, როცა შეყვარებულია ადამიანი, უფრო უკეთ ემღერება?

არ მგონია, რომ ამას უკავშირდებოდეს. როდესაც სიყვარულზე სიმღერას ვასრულებ ან სხვა თემაზე, კონკრეტულ ადამიანებზე ვერ ვფიქრობ. ჩემს თავს არასდროს ვაძლევ ამის უფლებას, რადგან მერე ვეღარ ვიმღერებ ისე. თუ სიყვარულზეა, ვცდილობ, თავად სიმღერა შევიყვარო, თუ მეგობრობაზეა, სიმღერას ვემეგობრო. ამ დროს სათითაოდ ყველა ბგერას ეფერები და ეხუტები. მგონი, კონკრეტულ ადამიანებზე ფიქრი პირიქით, ხელის შემშლელია. ერთი სიმღერა არსებობს, რომელსაც მხოლოდ კონკრეტული ადამიანისთვის ვმღერი და ეს არის რეი ჩარლზის Song For You. აი, ამ სიმღერის შესრულებისას მეფიქრება ერთ ადამიანზე… (იღიმის).

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები