ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ სანდასუფთავების სამსახურის უფროსი, სულიკო ბლადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„სანდასუფთავებაში“ არსებული სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფიქტიურად დასაქმებული პირების შესახებ სიუჟეტი TV 25-მა მოამზადა, თუმცა, მერის განმარტებით, სულიკო ბლადაძე არა შესაძლო ფიქტიური დასაქმებულების, არამედ ჟურნალისტებთან არაკორექტული ურთიერთობის გამო გაათავისუფლა.
„ჩემთვის მიუღებელია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის უფროსის მხრიდან ასეთი ურთიერთობა, ასეთი დამოკიდებულება მგრძნობიარე საკითხების მიმართ… თქვენ ნახავთ ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ,“ – განაცხადა მირიან ქათამაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ქობულეთის მერი უარყოფს TV 25-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მერიის დაქვემდებარებულ სამსახურში 15 ადამიანი ფიქტიურად არის დასაქმებული.
„არასწორად იქნა ეს ციფრი დასახელებული… ამ გარემოებებს სჭირდება სრულფასოვანი გამოკვლევა, ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ… არც ერთ გამონაკლისს, არც ერთ თვალის დახუჭვას ჩვენ არავის არ ვაპატიებთ, აუცილებლად იქნება ყველა მტკიცებულება გასაჯაროებული,“ – განაცხადა ქობულეთის მერმა.
ამასთან, მერმა განმარტა, რომ თანამდებობიდან გადადგომა თავად ბლადაძემ შესთავაზა, რაზეც დათანხმდა.
მირიან ქათამაძის განცხადებით, შესწავლილი იქნება ყველა შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შპს „ქობულეთის სანდასუფთავებას“ თანამშრომლებთან აქვს გაფორმებული.მისივე თქმით, სანდასუფთავების სამსახურში უკვე მუშაობს შიდა აუდიტი და დასკვნა მალე მომზადდება.
25-ე არხის ინფორმაციით, ქობულეთის სანდასუფთავებაში 15-მდე ადამიანი, მათ შორის დირექტორის ნათესავები ფიქტიურად არიან დასაქმებული.ტელეკომპანიის ინფორმაციით, სულიკო ბლადაძეს „ქობულეთის სანდასუფთავებაში“ საკუთარი ცოლის ძმაც ჰყავს დასაქმებული.
მედიის ამ საკითხით დაინტერესებამ სულხან ბლადაძის გაბრაზება გამოიწვია. მან შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მოიხსენა მასთან დასაქმებულები და განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრები სამსახურში დადიან.
დეტალები ვრცლად ნახეთ ვიდეოში: აბა შენს ცოლისძმას ხომ არ დავნიშნავდი? – “ქობულეთის სანდასუფთავების” დირექტორი