“ფორტუნას” ჟურნალისტის, ნიკა კაციას, ძმის – ლაშა კაციას, მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. პოლიცილელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე კი გამოძიება მთავარ პროკურატურაში დაიწყო.
“კაციას პირველადი გამოკითხვა გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ დღეს დილით მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. მოკვლევის ფარგლებში ის ასევე დაბარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში.
“პარალელურად მთავარმა პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით,” – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
“ფორტუნას” ჟურნალისტი, ნიკა კაცია, ინფორმაციას ავრცელებს, რომ მისი ძმა – ლაშა კაცია, გუშინ, გვიან ღამით, პოლიციელებმა სცემეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, “ფორტუნასთან” თავად ლაშა კაციამაც ისაუბრა.
როგორც ის ამბობს, შემთხვევა გლდანის მე-8 მიკრორაიონში მოხდა, როცა სახლში დაბრუნებული ლაშა კაცია პოლიციელებმა გააჩერეს. მათი გაღიზიანება ლაშა კაციას მხრიდან მათთვის თავის წარდგენის მოთხოვნამ და ტელეფონით გადაღების მცდელობამ გამოიწვია.