LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე საქმიანობას პარიზში გააგრძელებს

1818
qetichxikvadzefortuna

ქეთი ჩხიკვაძის 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება 19 მაისს, „რესპუბლიკაში“ გაიმართება. დიზაინერი მალე საქართველოს დატოვებს და საზღვარგარეთ გადავა საცხოვრებლად, ის საქმიანობას საფრანგეთის დედაქალაქში გააგრძელებს. როგორც თავად ამბობს, 19 მაისის ჩვენების შემდეგ თბილისში გარკვეული პერიოდით კოლექციებს აღარ წარმოადგენს, ამიტომაც მისი მიზანია, რომ ახლანდელი ჩვენება განსაკუთრებული იყოს. ამ საქმეში მას მეგობრები და კოლეგები, ავთანდილი და თამუნა ინგოროყვა ეხმარებიან.

ქეთის მაღაზიაში ვესტუმრეთ ახალი კოლექციის დასათვალიერებლად და ინტერვიუსთვის.

ქეთი:

თბილისში ვაჩვენებ 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას, რომელიც წარმოდგენილი იყო პარიზისა და მილანის შოურუმებში. კოლექციას ვერ ნახავენ უცხოელი სტუმრები, რადგან უკვე დაგვიანებულია, მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის წარმოვადგენ, თუმცა ფოტოები და კოლექციის მთელი მასალა გაიგზავნება პარიზში და ვისთანაც კომუნიკაცია მაქვს, სავარაუდოდ, ისინიც დაინტერესდებიან მასალის დაბეჭდვით.

ნერვიულობთ?

ჩვენების წინ ყოველთვის ვნერვიულობ. მინდა, ყველაფერი ჩანაფიქრის მიხედვით წარიმართოს.

ყველა ჩვენების წინ მეხმარებიან ჩემი კოლეგები. წარმოუდგენელია, ეს ყოველივე მარტომ აკეთო. ჩემ გვერდით სულ დგანან ავთანდილი და თამუნა ინგოროყვა. მათ გემოვნებას თვალდახუჭული ვენდობი და ფაქტობრივად, ჩვენებისთვის კოლექციის აწყობაში არ ვერევი. ამჯერად ეს თემა საკუთარ თავზე თამუნა ინგოროყვამ აიღო. იმდენი ადამიანი მეხმარება, რომ ალბათ, სირცხვილიც იქნება, ცუდი რომ გამოვიდეს. ყველამ დაასრულა საკუთარი ჩვენეები და ყველა გამოძახებული მყავს სიმაღლის მიხედვით (იცინის). გვანცა ჯანაშია, ლალო, ანუკა ქებურია… მათ პრინციპში ყველაფერი ნანახი აქვთ, თუმცა მთლიანობაში საბოლოო ვერსია სულ სხვა არის ხოლმე. „ლუქბუქს“ სხვა კონცეფცია აქვს და პოდიუმს – სხვა. ჩემთვისაც ახალია, როგორ დავინახავ ხოლმე კოლექციას პოდიუმზე. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში კოსტიუმები ნანახი გაქვთ, პოდიუმზე სხვანაირად იქნება წარმოდგენილი. ჩვენების ინსტალაცია, ფანტასტიკური მუსიკა შექმნის განსხვავებულ ემოციას.

კოლექციის ინსპირაცია რა იყო?

ჩემი ბოლო ორი კოლექცია გულის თემაა. წინა კოლექცია ბუნებას და ყვავილებს ეძღვნებოდა და რასაკვირველია, სიყვარულს. გულის თემა ახლაც მეორდება, რასაც გასცემ, უკან დაგიბრუნდება და ეს კოლექცია სწორედ ამას ასახავს, ნამუშევრებიდან და ინსტალაციიდან გამომდინარე.

აქცენტებია გულის ფორმის აქესესუარებზე, ღილებზე, რომლებიც არის მოოქროვილი და მოვერცხლილი. კოლექციაში შეყვანილია ნეონის ფერები, რომლებიც ძალიან ტენდენციურია. ძალიან ბევრი ქსოვილი მაქვს გამოყენებული, ტყავიდან დაწყებული, ხავერდით დასრულებული, გამჭირვალე პარკის ქსოვილები, ლეოპარდის პრინტები, ნაქსოვი ნაჭრები, ოქროსფერი მეტალი ჭარბობს ამჯერად კოლექციაში.

თანამედროვე მოდის ტენდენციებზე რას იტყვით?

მოდა იმდენად მრავალფეროვანია, რომ ერთ სტილზე აქცენტს ვერ გავაკეთებ. დაწყებული დიდი ზომებიდან და ქალზე მამაკაცის ტანსაცმლის გადატანით, დამთავრებული ელეგანტური კაბებით, ყველაფერი მოდურია. ადამიანზეა დამოკიდებული, რა მოგწონთ. ჩემს კოლექციაში არის განიერი მხრები, მაგრამ მაინც მიდის ელეგანტური სილუეტისკენ, რაშიც ქალი თავს მომხიბვლელად იგრძნობს.

პარიზში გადადიხართ საცხოვრებლად…

ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. სავარაუდოდ, რამდენიმე სეზონს თბილისში გავაცდენ, ამიტომაც მინდა, ეს ჩვენება ძალიან დასამახსოვრებელი გახდეს. რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ჩვენებებს პარიზში გავაგრძელებ. ორჯერ უკვე მქონდა ჩვენება და ახლა უკვე დაგეგმილია ორი სეზონი პარიზში, სადაც ჩემს კოლექციებს ვაჩვენებ.

რთულად არ გეჩვენებათ მოდის დედაქალაქში საკუთარი ადგილისთვის ბრძოლა?

ადვილი არაფერია. მთავარია, რა ამბიცია და მოლოდინი გაქვს. როცა ეს ამბიციები  ლოგიკურია, მშვიდად შეგიძლია გაჰყვე დინებას. აქტიურობა და შრომა, ადრე თუ გვიან, თავის შედეგს მოიტანს. ყველა ადამიანს წარმატების საკუთარი გზა აქვს.  როცა ამას ცაში ფრენის გარეშე უყურებ, ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება განვითარდე. ორი ჩვენების შედეგი საკმაოდ კარგია და ვფიქრობ, უფრო მეტი რესურსის, მათ შორის ფინანსურის ჩადების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი ეფექტი იქნება.

ქართველი დიზაინერები დღეს საზღვარგარეთ ძალიან აინტერესებთ…

ფაქტია, რომ დემნა გვასალიას სახელმა დიდი როლი ითამაშა, მაგრამ მარტო მისი დამსახურება არ არის. ნდობის დიდი ფაქტორი და სტაჟია, რომ ბოლო ათი წელია, რამდენიმე დიზაინერი სტაბილურად მონაწილეობს შოურუმებში. ქართველი დიზაინერები იყიდებიან… თბილისში, მოდის კვირეულების შედეგად, ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა ქართული ბრენდების პოპულარიზაციაში. ვამაყობ ჩვენი დიზაინერებით, უამრავმა ბრენდმა შეძლო საკუთარი წვლილის შეტანა დღევანდელ შექმნილ გარემოში, ამას ემატება მოდის კვირეულების შრომა და დიზაინერების წარდგენა სხვადასხვა მოდის ქალაქში.

10-15 წლის შემდეგ თქვენი ბრენდი როგორ წარმოგიდგენიათ?

არ მიფიქრია, მაგრამ მგონია, რომ წლების შემდეგ მსოფლიო ბრენდი უნდა იყოს. თუმცა მხოლოდ ჩემი თავი არ წარმომიდგენია. ყველგან, სადაც არ შეხვალ, ქართული ბრენდები უნდა იყოს. ეს შრომა არ დაიკარგება.

მსოფლიო რუკაზე ქართულ მოდას რა გამოარჩევს?

გამოირჩევა თავისი დახვეწილობით და ჯდება ტენდენციებში. არ ვედრებით იტალიელებსა და ფრანგებს, მაგრამ პოსტსაბჭორთა ქვეყნებიდან პირველები ვართ. ძალა ერთობაშია, ბევრი ბრენდი წინ მიდის, კოლექციები არის ძალიან ტრენდული და მოდური.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები