LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დისკუსიები იქნება ინკლუზიური, რომ მოიძებნოს საუკეთესო ვერსია“ – რა მიწერა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს „უცხოური გავლენის“ კანონპროექტებზე

126
შალვა პაპუაშვილი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილს, შალვა პაპუაშვილი საპასუხო მიმართვით ეხმიანება.

შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს მადლობას უხდის წერილისთვის, რომელიც „ხალხის ძალის“ ჯგუფის მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება.

როგორც შალვა პაპუაშვილი საპასუხო წერილში აღნიშნავს, საპარლამენტო დისკუსიები იქნება ინკლუზიური, რათა მოიძებნოს ისეთი საუკეთესო ვერსია, რომელიც როგორც საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებას, ისე გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებს გაითვალისწინებს.

„პატივცემულო კომისარო,

მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წერილისთვის, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ ჯგუფის მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.

საქართველომ ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და მასთან თანამშრომლობით არსებით პროგრესს მიაღწია დემოკრატიული გარდაქმნის პროცესში. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენი მისწრაფებები დადასტურებულია კონვენციის ფუნდამენტური პრინციპებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით, რამაც მრავალფეროვანი და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისთვის ჩვენს ქვეყანაში მტკიცე საფუძველი შექმნა.

ჩვენ ვთანხმდებით იმ მიდგომაზე, რომ ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მკაცრად უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს. ამჟამად საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ორი კანონპროექტი – ერთი არის ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ზუსტი ასლი, ხოლო მეორე – FARA-ის ნაკლებად შემზღუდავი, ლიბერალური ვერსია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ წარდგენილ ინიციატივებთან დაკავშირებით საპარლამენტო დისკუსიები იქნება ინკლუზიური იმ მიზნით, რომ მოიძებნოს ისეთი საუკეთესო ვერსია, რომელიც გაითვალისწინებს როგორც საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებას, ისე გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებს.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

პატივცემულო კომისარო,

მოქალაქეები წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოების საფუძველს და მათ აქვთ უფლება, ინფორმაცია ჰქონდეთ იმ აქტორების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ ცხოვრებაზე. პოლიტიკის ფორმულირებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის პრივილეგიას თან ახლავს პასუხისმგებლობაც. სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიტიკურ პარტიებს აქვთ უმკაცრესი რეგულაციები ღიაობასთან, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით, რაც აღიარებულია მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

თუმცა, ამის საპირისპიროდ, არაკომერციული ორგანიზაციების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მუდმივად მზარდი ჩართულობისა და მასზე ზეგავლენის მიუხედავად, არ არსებობს ეფექტიანი რეგულაცია, რომლებიც უზრუნველყოფს მათ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება უცხოურ დაფინანსებას.

რაც უფრო მიიწევს წინ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამ საერთო პასუხისმგებლობის გააზრება და პატივისცემა.

ამასთანავე, მსგავსი რეგულაციის არსებობა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხების გამოც, როგორებიცაა ფულის გათეთრება, კორუფცია, ტერორიზმის დაფინანსება და რთული რეგიონული უსაფრთხოების გარემოსგან ნაკარნახევი სხვა საფრთხეები.
აღსანიშნავია, რომ ორივე კანონპროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, რათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესები კანონმდებლობაში აისახოს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

საქართველოს პარლამენტი მზადაა ამ საკითხზე საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის.
თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას“, – სწერს შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს.

რას გულისხმობს კანონპროექტები და როგორია გამოხმაურებები – ვრცლად წაიკითხავთ აქ:

ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი – კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

„მარტივი დისკუსია არ იყო.. უცხოური აგენტების კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს არ შეესაბამება“ – ევროკავშირის ელჩი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

„გაერთიანებული სამეფო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს“ – ბრიტანეთის ელჩი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტზე

„ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა – კითხვას, რატომ იღებთ, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს“ – დეგანანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი“ – კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე

სუბარი: შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია

„მათ ან წაკითხული არ აქვთ კანონპროექტი, ან შეგნებულად თავს არიდებენ შინაარსზე საუბარს“ – „ხალხის ძალის“ პასუხი ელჩებს

„ვუთხარით, რომ ვენეციის კომისიაში გავგზავნით ორივე კანონპროექტს“ – პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა