საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამედიცინო განათლების შესახებ ეჭვი გაუჩნდა კლინიკა „გულის“ დამფუძნებელ ანზორ მელიას. საქართველოში გასაკვირი რა უნდა იყოს, მით უმეტეს გვაქვს რამდენიმე შესაბამისი მაგალითიც, მაგრამ “ცეცხლი რომ უკვამლოდ არ ჩნდება”… სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე მითითებულია საჯარო ინფორმაცია, სადაც ხელმძღვანელი პირის განათლება და გამოცდილებაა ჩამოთვლილი.
ეკატერინე ტიკარაძე – განათლება:
1993 – 1998 წწ- კვალიფიკაცია – ექიმი, სამედიცინო ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო.
2005 წელი- ზოგადი პროფილის სტომატოლოგი, სახელმწიფო სერტიფიკატი, თბილისი, საქართველო.
2007 – 2008 წწ- ყბა-სახის ინპლანტაციის სრული კურსი, პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემია ლუდვიქსჰაფენი, გერმანია.
2015 – 2016 წწ- მართვის კომპეტენცია ჰოსპიტალურ სექტორში, ჯანდაცვის აკადემია მიუნსტერი, გერმანია.
2016 – 2019 წწ – მენეჯმენტის და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, ჯანდაცვის მენეჯმენტი, ჰოსპიტალური სექტორის ეკონომიკა და მართვა, დანუბეს უნივერსიტეტი კრემსი ვენა, ავსტრია.
თუმცა მინისტრის მიერ გვერდზე მითითებული განათლება არ აკმაყოფილებს კარდიოლოგ მელიას. ის ექიმების მიმართ ხელფასების გადაუხდელობაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მინისტრს აკისრებს.
„ყველა ის კლინიკა, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ ღია წერილს და გავუგზავნეთ პრემიერ-მინისტრს, მას შემდეგ „შავ სიაში“ აღმოვჩნით. ახალი წელი მოდის, თანამშრომლები ემზადებიან საახალწლოდ და ერთი თეთრიც არ აქვთ. სამინისტრო ივნისის ნახევარს და ივლისის ხელფასს არ გვირიცხავს. ეს ახალი მინისტრი დასანგრევად მოვიდა ქართული მედიცინის. რა ინსტიტუტი დაამთავრა ამ ქალბატონმა? ვიცი, რომ რაღაც მესამეხარისხოვანი ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, როგორც მოდის ხმები და ონლაინ აქვს განათლება მიღებული ავსტრიაში თუ სადღაც. ზემოდან გვიყურებს ძალიან დამამცირებლად, 44 წლის სტაჟი მაქვს კარდიოლოგიაში და ჩემი ცხოვრება ამ კლინიკაში გავატარე. დღე და აღამე აქ ვარ და რა უფლება აქვს, მე ან ჩემ კოლეგებს ზემოდან გვიყუროს, შეხვედრები, დალაპარაკება არ უნდა. ამ ქალს ძალიან დიდი უფლებები აქვს და ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, დროზე შეაჩეროს და ექიმებს მოაშოროს ეს ქალბატონი.“
ვინ არის ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე? [ფოტოები]
რაც შეეხება ეკატერინე ტიკარაძის გამოცდილებას, რომელსაც ხშირად წამოაძახებენ ხოლმე არის ის, რომ სამუშაო ადგილი და გამოცდილება საჩხერეში – ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ რაიონში, სადაც ტიკარაძე 2009-2015 წლებში ააიპ “დოსტაქარი” საჩხერეში, სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯერი იყო. საჩხერის რაიონული საავადმყოფოს გენერალური დირექტორიც გახდა და საპარტნიორო ფონდში ჯანდაცვის სექტორის განვითარებისთვისაც მუშაობდა.
2019 წლის 18 ივნისიდან დღემდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრია.
ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოდაგოებამ საქართველოს მთავარი პროკურორის და აჟამად უკვე უვადო მოსამართლის შალვა თადუმაძის დიპლომის ამბავი ვერ დაამტკიცა და ნაკლებად სავარაუდოა მინისტრის დიპლომის ამბავი გაირკვეს, თუმცა საქართველოში გასაკვირი უკვე არაფერი არ დარჩა და ესეც ასე რომ იყოს მერე რა? ხელფასები დროულად რომ გაეცა და უკმაყოფილო თანამშრომლები რომ არ ყოლოდა, არც მელია იტყოდა დიპლომი არ უვარგაო.