„სწავლა ძალიან მიყვარს“ – განუცხადა 78 წლის ვივიან კუნინგჰემმა ადგილობრივ მედიას მას შემდეგ, რაც სემფორდის უნივერსიტეტის დიპლომი აიღო.
ალაბამას ერთ-ერთი კომპანიის ვეტერანი თანამშრომელი, რომელიც ორი შვილის დედა, სამი შვილიშვილის ბებია და სამი შვილთაშვილის დიდი ბებიაა, დიპლომის მოსაპოვებლად 6 წლის განმავლობაში სწავლობდა ჰუმანიტარულ მეცნიერებებს სემფორდის უნივერსიტეტში.
„არასდროს დანებდე, არასდროს თქვა უარი ოცნებაზე და არ მოუსმინო სხვებს, ვინც ამბობენ, რომ რაღაცის გაკეთებას ვერ შეძლებ“ – ასე პასუხობს ვივიენი კითხვაზე, თუ როგორ იპოვა ძალა და მოტივაცია იმისათვის, რომ 70+ ასაკში სტუდენტი გამხდარიყო. 78 წლის ქალბატონი 28 წლის განმავლობაში მუშაობდა ენერგოკომპანიაში, თუმცა საოცნებო პროფესიის დაუფლება მაინც შეძლო მას შემდეგ, რაც პენსიაზე გავიდა.
ვივიენის გამოსაშვებ საღამოს მისი დიდი ოჯახიც დაესწრო, მათ შორის ორივე შვილი და სიძე. ვივიენის წარმატებამ მისი ოჯახის ახალგაზრდა წევრებიც შთააგონა, განსაკუთრებით მისი ქალიშვილი, რომელიც უახლოეს პერიოდში დოქტორის ხარისხის მისაღებად გააგრძელებს სწავლას. დიპლომიანი ბებიის წარმატებით ამაყობს სიძეც, რომლის თქმითაც ვივიენი მის შვილებს და შვილიშვილებს შესანიშნავ მაგალითს აძლევს.
„ჩვენს ოჯახში განათლება ძალიან მნიშვნელოვანია“ – განუცხადა მედიას ვივიენ კუნინგჰემის სიძემ.