„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ, გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის კურსელები ვერ იპოვა, ამიტომ დაპირებული ხინკალი პარლამენტში მიიტანა.
„თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან“ – ეს იყო წარწერა, რომელიც შეკვეთას ეწერა და აღნიშნული საქციელით დეპუტატმა დადებული სიტყვა ნაწილობრივ შეასრულა.
„დღეს დამთავრდა მოსამართლეთა მოსმენა. გამოვაცხადე, რომ ვინც კი წარმოადგენდა ცნობას, რომ ის ბატონ თადუმაძესთან ერთად სწავლობდა, ვეპატიჟებოდი სახინკლეში. 2 თვის განმავლობაში არც ერთი ნამდვილი სტუდენტი არ გამომეხმაურა, თუმცა, მოტყუების მცდელობები იყო. რამდენიმემ იმდენად პროფესიონალურად მოიტყუა, გადავწყვიტე დამეპატიჟა ეს ხალხი ხინკალზე“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს უსმენენ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს მიმართა და იკითხა მოსამართლეობის კანდიდატისთვის კითხვების დასმა სურდათ თუ შესვენება გამოეცხადებინა, სადაც დეპუტატები გოცირიძის ხინკალს დააგემოვნებდნენ.
„ქალბატონო თინა, გნებავთ თქვენ დაიწყეთ, ბატონი რომანი არ არის. რომან გოცირიძე ხინკალზე გვეპატიჟება, თადუმაძესთან წააგო და გარეთ ყველას გეპატიჟებათ. გნებავთ, ისარგებლოთ ფრაქციის დროით თუ შესვენება გამოვაცხადოთ?!“ – კითხა ანრი ოხანაშვილმა თინა ბოკუჩავას.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მისი მისამართით დასმულ შეკითხვაში იუმორი დაუწუნა.
„ბატონო ანრი, იუმორი რომ თქვენი ძლიერი მხარე არ არის. რატომ ცდილობთ, რომ მუდმივად გამომიყვანოთ ბატონი რომანის დამცველის როლში?! ჯერ დისციპლინარული ლექციები წაუკითხეთ და ვნახეთ, რომ თქვენი- უმრავლესობის წევრები არ დადიან თქვენივე კომიტეტის განხილვებზე. ახლა იძახით წააგოო. სინამდვილეში იცით, რომ მოიგო და ახლა ყველას გეპატიჟებათ, მათ შორის, ჟურნალისტებს და თქვენც, ბატონო ანრი“. – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
რომან გოცირიძის დაპირება ხინკალთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ გაჟღერდა, როდესაც საქართველოს გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს პარლამენტში მოუსმინეს. თადუმაძე უვადო მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა უმაღლესი განათლების დიპლომთან დაკავშირებით პრობლემები ქონდა.
თადუმაძის გაჭირვება – შემოდგომის მოსამართლე
გოცირიცემ საჯარო პირობა დადო, რომ ვინც გამოეხმაურებოდა და დაადასტურებდა თადუმაძის თანაკურსელობას, საუკეთესო სახინკლეში დაპატიჟებდა. მოგვიანებით პირობა „უფრო გართულდა“ და დეპუტატი არა მხოლოდ გენერალური პროკურორის კურსელებს, არამედ ლექტორებსაც იწვევდა საქეიფოდ. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მას ამ დრომდე არავინ არ დაკავშირებია, ხოლო ვინც დაუკავშირდა შესაბამისი დამადასტურებელი დიპლომი ვერ წარადგინეს.