LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიპლომი არ არის აუცილებელი“, „უნივერსიტეტებში იმედგაცრუება გელით“ – „ნიუსფიდი“ ბრძნული რჩევა-დარიგებების დიდაქტიკურ მდინარეს დაემსგავსება ხოლმე – ჟურნალისტი სალომე ასათიანი სტუდენტების შესახებ წერს

163
სალომე ასათიანი

ჟურნალისტი სალომე ასათიანი ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელში გავრცელებულ გამოსვლებთან დაკავშირებით წერს. მისი განმარტებით, სწავლისთვის დრო ყოველთვის არის, თუმცა ამისათვის სტუდენტებს პირობები უნდა ჰქონდეთ.

სალომე ასათიანს საკუთარი თავის მაგალითი მოჰყავს და განმარტავს, რომ „ფიზიკური გადარჩენისთვის რომელიმე მაღაზიაში ან რესტორანში გროშებად რომ ემუშავა ბევრი საათი – სწავლას ენერგიას ვერ დაუთმობდა“.

მისივე განცხადებით, „ჩვენს უსამართლო და მძიმე რეალობაში უამრავ ახალგაზრდას უბრალოდ საშუალება არ ეძლევა სრულად გაჰყვეს სწავლის პროცესს, კითხვა და ფიქრი თავისი ცხოვრების ღერძად გადააქციოს, ამიტომ კარგი იქნება, თუ უნივერსიტეტები მიზანმიმართული დახმარებებით, მეტი სტიპენდიით, ყველა შესაძლო გზით, თუ ფორმით შეეცდებიან უსამართლო და ძალიან უთანასწორო საწყისი პირობების შემსუბუქებას ღარიბი ოჯახებიდან წამოსული სტუდენტებისთვის – ანუ სტუდენტთა უმრავლესობისთვის“.

„ბოლო დღეებია ნიუსფიდი დაიპყრო გამოსვლებმა “დიპლომი არ არის აუცილებელი”, “სწავლა ყოველთვის შეიძლება” და “უნივერსიტეტებში იმედგაცრუება გელით”, სტუდენტების მისამართით. ბოლო წლებში სულ ასე ხდება, ამ პერიოდში ნიუსფიდი ბრძნული რჩევა-დარიგებების დიდაქტიკურ მდინარეს დაემსგავსება ხოლმე. თუმცა, როგორც ხშირად, მგონი მთავარი პრობლემა ახლაც გვავიწყდება. სწავლა ყოველთვის შეიძლება, კი. მაგრამ სწავლისთვის აუცილებელია პირობები, დრო, ხელშეწყობა და შესაბამისი ემოციური მდგომარეობაც. პირადად მე რაც თავი მახსოვს სულ ვსწავლობ, თსუ-შიც გამიმართლა – კინომცოდნეობის ფაკულტეტზე მოვხვდი, სადაც გოგი გვახარია, დათო ბუხრიკიძე და კიდევ სხვა მართლა უკარგესი ლექტორები გვასწავლიდნენ, “დვიჟოკის” ენერგიაზე ფილმების ყურების თანხლებით. წიგნებიდან თავი არც ინგლისში და სხვაგან სწავლისას ამიღია – კარიერისთვის, დიპლომისთვის და “წარმატებისთვის” არა, ასე მინდოდა, ეს მომწონდა და ამიტომ. იდეები, ავტორები და თეორიები გაცილებით უფრო მსიამოვნებდა, ვიდრე კლუბები ან წვეულებები სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში (თუმცა ასეთებიც იყო, კი). ბევრსაც ვმუშაობდი, სტიპენდიებსაც ვიგებდი, კურსებს წარჩინებითაც ვამთავრებდი და ბევრი სირთულეც გამოვიარე, საქართველოში ჩემი სტუდენტობა ბნელ 90-იან წლებს დაემთხვა და ახლაც მახსოვს ის შოკი, სასექსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში პირველად შესვლისას რომელიც მივიღე – გადამყიდველებთან ნაყიდი წიგნების ქსეროასლების ლამპის შუქზე კითხვას მიჩვეულმა უცებ რომ გავიაზრე, რომ ყველა წიგნი თუ ფილმი, (ვიდეოკასეტების დროა ჯერ კიდევ) რომელიც ოდესმე მაინტერესებდა, იქვე იდო, თაროებზე ჩამწკრივებული. ცხადია, იმ ბიბლიოთეკიდან მერე ვეღარაფერი გამომიყვანდა.

მაგრამ სახლში რომ შესაბამისი პირობები არ მქონოდა, ბებიაჩემს ღამეები რომ არ ეთენებინა ჩემი საკურსოების კითხვაში და ქართულის გასწორებაში, ჩემთვის წიგნების და მათი ქსეროასლების ყიდვის ფული რომ არ მოეცათ, უბრალოდ ჩემი საკუთარი ოთახი რომ არ მქონოდა – ნამდვილად არ მგონია მიმეღწია იმ მდგომარეობისთვის, რომელშიც შემეცნება და კითხვა სიამოვნების წყარო ხდება. ფიზიკური გადარჩენისთვის რომელიმე მაღაზიაში ან რესტორანში რომ მემუშავა გროშებად, ბევრი საათი – სწავლას ვერც ენერგიას დავუთმობდი და ვერც ეს ვნება გამიჩნდებოდა. ჩემი მდგომარეობა იყო პრივილეგირებული მდგომარეობა, და ეს ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული. და ისიც ვიცი, რომ ჩვენს უსამართლო და მძიმე რეალობაში ჩემნაირად და ჩემზე მეტად ცნობისმოყვარე და შრომისმოყვარე უამრავ ახალგაზრდას უბრალოდ საშუალება არ ეძლევა სრულად გაჰყვეს სწავლის პროცესს, კითხვა და ფიქრი თავისი ცხოვრების ღერძად გადააქციოს. და ეს არა ინდივიდუალური, არამედ ყველა ჩვენგანის კოლექტიური პრობლემაა, თუ ჩაკეტილი წრე – განათლება სიღარიბისგან თავის დაღწევის გზაა, მაგრამ სიღარიბეში და სიღატაკეში ცხოვრება ძალიან დიდ და უსამართლო წინაღობას უქმნის სწორედ განათლების მიღებას. სიღარიბე, მათ შორის, ნიშნავს სასოწარკვეთას, შფოთვას, სიმშვიდის და მშვიდი სივრცის არქონას, შერყეულ ჯანმრთელობას. და ამიტომაც, ჩემი აზრით, უნივერსიტეტები პირველ რიგში სწორედ ამაზე უნდა ლაპარაკობდნენ, მიზანმიმართული დახმარებებით, მეტი სტიპენდიით, ყველა შესაძლო გზით თუ ფორმით უნდა ცდილობდნენ უსამართლო და ძალიან უთანასწორო საწყისი პირობების შემსუბუქებას ღარიბი ოჯახებიდან წამოსული სტუდენტებისთვის – ანუ სტუდენტთა უმრავლესობისთვის. ჩვენს რეალობაში ეკონომიკურ სასოწარკვეთაში მცხოვრები სტუდენტები შრომითი ექსპლუატაციის უპირველესი სამიზნე არიან. და ამ უდიდესი პრობლემის არშემჩნევა ღრმად არასწორი მგონია.“, – წერს სალომე ასათიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები