LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა თამაზ ვარვარიძის რეტროსპექტულ გამოფენას უმასპინძლებს

685
თამაზ-ვარვარიძე

გამოფენა ხელოვანის შემოქმედების მიმოხილვას წარმოადგენს და 1968 წლიდან  დღემდე 50-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს.

თამაზ ვარვარიძე XX საუკუნის 70-იანი წლების თაობის ქართველ მხატვართა მკაფიოდ  ინდივიდუალური შემოქმედებითი სახის მქონე, ესთეტიკური კონცეპტუალიზმის მიმართულების მხატვარია, უახლესი ქართული გრაფიკული  სკოლის ფუძემდებელი და პლაკატის  ხელოვნების განვითარების თვალსაჩინო წარმომადგენელი. იგი თანამედროვე აზროვნების  მქონე ორგანიზატორია, გრაფიკოს და გრაფიკოს დიზაინერთა თაობების აღმზრდელი პედაგოგი, რომელმაც სრულიად  დამსახურებულად  მოიპოვა  საერთაშორისო აღიარება.

საბჭოთა პერიოდში, ძალიან რთული მოსაძებნი იყო არსებულ  რეალობაზე მხატვრული კომენტარის რეფლექსიური ფორმა, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგადად თანამედროვე  ხელოვნების  პრაქტიკების  შემოსვლას  და  ადგილობრივ  ნიადაგზე  გადააზრებას დიდი  წინააღმდეგობები ახლდა თან.  მიუხედავად ამისა,  მხატვარმა შექმნა  იმდროინდელი  რეალობისთვის უცხო და ზოგადი იდეოლოგიური კონტექსტიდან ამოვარდნილი ნამუშევრები.

მისი მხატვრული ძიებები კომპოზიციებში სივრცის ესთეტიკური ორგანიზებით ხასიათდება. ამასთანავე დეტალების ავტონომიურობის მიუხედავად იგი ახერხებს მათ გამთლიანებას აბსტრაქტული ურთიერთკავშირების საშუალებით. სახვითი ელემენტების მაქსიმალური ეკონომიურობით მხატვარი ქმნის იმგვარ შიდა სისტემას, რომელიც განსაზღვრავს აზრობრივ მოძრაობას ირეალურ, განზოგადებულ, ნაკლებად ფერადოვან,  შავ-თეთრის კონტრასტზე აგებულ სიბრტყეზე.

ოთხი ათეული წლის შემდეგ უკვე არსებობს გაცნობიერებული გამოცდილებების ისტორია, წლების უკვე დროითი დისტანციიდან დანახვის საშუალება, რომელიც მარადიულზე და წარმავალზე დასაფიქრებლად მიგვითითებს. ამის ნათელი მაგალითებია მხატვრის მიერ შესრულებული დროში გავრცობილი გრაფიკული სერიების ციკლი – „წესრიგი“, პრინტს მიმსგავსებული ხელით შესრულებული სიმეტრიულად დადებული ქვების მსგავსი ობიექტები – 1, 2, 3… რეალური სამყაროს ფილოსოფიურ-მათემატიკური მოდელირება, რომელიც  მიზნად ისახავს დახვეწილი სისტემების შექმნას და „ვარიაციები ქართული ანბანის თემაზე“,  14 უძველეს ანბანთა შორის უძველესი ქართული ანბანის გრაფიკული ორიგინალობის და თანამედროვეობის შერწყმა, ტრადიციის ფილოსოფიური კატეგორიებით გააზრება, როცა საგნის არსი იძენს სიმბოლურ ხასიათს და თანაც არ კარგავს ჟღერადობას როგორც ელემენტის, საგნის წარმოჩენა სახვით ხელოვნებაში.

თამაზ ვარვარიძე მოაზროვნე მხატვარია. მხატვრის  როლი თანამედროვე ქართული კულტურის გასააზრებლად უდავოდ დიდია.

კურატორი  ალექსანდრა გაბუნია

გამოფენა 18 ოქტომბერს, 18:00 საათზე, გაიხსნება და  14 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.