LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: სახელმწიფო ინტერნეტის ბიზნესში კომპანიების კონკურენტი არ იქნება

88

სახელმწიფო არ შედის ინტერნეტის ბიზნესში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, თავდაპირველად, როცა ინტერნეტის გავრცელებისათვის ინფრასტრუქტურის შექმნა გადაწყდა, კერძო კომპანიებმა ამაზე უარი თქვეს, ამიტომ სახელმწიფომ ტენდერის მეშვეობით გამოავლინა გერმანული კომპანია ”დელტაკომი”.

”თავიდან როდესაც გაჟღერდა იდეა, რომ საქართველოს ყველა ის დასახლებული პუნქტი, სადაც 200 მოსახლეზე მეტი ცხოვრობს, დაფარულიყო ინტერნეტით, ჩვენ პირველ რიგში, შევთავაზეთ კერძო სექტორს გამოეთქვათ სურვილი, მათ აეღოთ სახელმწიფოს წინაშე ეს ვალდებულება და თავიანთი მოზიდული სახსრებით მათ შეექმნათ აღნიშნული ინფრასტრუქტურა. ინფრასტრუქტურის შექმნა პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვყენისთვის და იძლევა შესაძლებლობას ჩვენი ქვეყანა ხარისხობრივად წინ წავწიოთ ამ მიმართულებით. იმ ეტაპზე სამწუხაროდ კერძო სექტორმა არ გამოთქვა სურვილი რომ თავისი სახსრებით დაეფარათ მთლიანი საქართველო” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, გერმანული კონსულტანტის საშუალებით, შექმნილია ინფრასტრუქტურული ქსელის მოდელი, რომლის მიხედვითაც მაქსიმალურად ეფექტურად და ნაკლები ინვესტიციებით იქნება შესაძლებელი მთლიანი ქსელის აწყობა და დასახლებულ პუნქტებში, შენობებში ამ ინფრასტრუქტურის მიყვანა.

როგორც ქუმსიშვილი განმარტავს, სახელმწიფო დონორთან ერთად გააკეთებს მხოლოდ ინფრასტრუქტურას.

”ჩვენ არ შევდივართ ინტერენეტის ბიზნესში. ეს კატეგორიულად მიუღებელია. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვქმნით ინფრასტრუქტურას, რომლითაც უკვე კერძო სექტორი მიუტანს ბოლო მომხმარებელს სერვისებს, ხოლო მომხმარებელი კერძო სექტორს – ინტერენტის პროვაიდერებს გადაუხდის ფულს” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მოიძებნა ასეთი კერძო და საჯარო პარტნიორობის ფორმა.

”ეს არის IP. მას ჰყავს დონორი და ეს დონორი დღეს არის “ფონდი ქართუ”, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამავე დროს ეს არ არის მარტვი პროცესი. მას ახლავს მეორე ნაწილი – ვაუჩერიზაციის და ცოდნის ამაღლების ნაწილი. შესაბამისად, ამ ნაწილისთვის ჩვენ 40 მლნ დოლარს კიდევ სესხს ვიღებთ მსოფლიო ბანკიდან, რათა მოსახლეობაში ავწიოთ ცოდნის დონე ინტერნეტის მოხმარების და მივაწოდოთ მათ ის იაფი მოწყობილობები, რომლითაც ინტერნეტს მოიხმარენ” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის მიხედვით, ფართოზოლიანი ინტერნეტით დაიქსელება დახლოებით 2 ათასი დასახლებული პუნქტი. ახალ ინფრასტრუქტურას მიუერთდება ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა სკოლა და ბიბლიოთეკა. მთავრობის ხედვით, ყველა პროვაიდერს და ოპერატორს ქსელზე, არადისკრიმინაციულად, წვდომა ექნება. პროექტს „ქართუ ბანკი“ დაახლოებით 120 მილიონი ლარით დააფინანსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები