საქართველოსა და ლატვიის წარმომადგენლობებს შორის ეკონომიკური, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა დღეს სასტუმრო ”რადისონში”გაიმართა. სხდომა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა დანა რეიზნიცე-ოზოლამ გახსნეს.
სხდომაზე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ შორის ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ტურიზმი, სპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება და განათლება, კულტურა, რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა, ინტელექტუალური საკუთრება, კვლევის განვითარება და ინოვაციები, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფერო, ჯანმრთელობის დაცვა, შრომა და დასაქმება, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, სტატისტიკა, დიასპორის საკითხები.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლატვია-საქართველოს ეკონომიკური კომისიის სხდომა 2009 წლის შემდეგ პირველად გაიმართა.
”პირველი საკითხი, რაც განვიხილეთ, ეს არის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა ორ ქვეყანას შორის და იმ გადაწყვეტილებების მოძებნა, რომელიც დაახლოებს ორი ქვეყნის კერძო სექტორს. ასევე, ინვესტიციის წახალისების კუთხით არსებული საკითეხბი, რათა დავეხმაროთ კერძო სექტორს გაზარდოს ინვესტიციების რაოდენობა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები და დროა, ეს ურთიერთობა ციფრებში გამოვხატოთ” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ ლატვია საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც საქართველოს მხარს უჭერს როგორც ვიზა-ლიბერალიზაციის, ასევე DCFTA-ის ნაწილში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა კომისიის სხდომის ოქმზე ხელი მოაწერეს. ლატვიის ეკონომიკის მინისტრი საქართველოს 7 დეკემბერს ეწვია. ვიზიტის ბოლოს, დანა რეიზნიცე-ოზოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას დაათვალიერებს.