LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დილა”, “ტორპედო”, “დინამო”… – საიდან მოდის ეროვნული ლიგის კლუბების სახელები?

135

ქართული კლუბების სახელები კამათის საგანი არაერთხელ გამხდარა, თუმცა ბევრისთვის ნაკლებად ცნობილია, რა უდევთ მათ საფუძვლად.

 

“დინამო” – ეს სახელი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატებში 4 გუნდს ჰქვია: თბილისის, ბათუმის, სოხუმისა და “ნორჩს”. თუმცა ამავე სახელით კლუბი კალათბურთშიც გვყავს და დღევანდელ გორის “დილასაც” ერქვა. ზოგადად, სახელი “დინამო” პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში. ქვეყანა არ მოიძებნება, სადაც ამ სახელით სპორტის რომელიმე სახეობაში გუნდს ან სპორტულ საზოგადოებას რომ არ წააწყდეთ. აღნიშნული სახელი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღმაც გამოიყენება. მაგალითად, ამერიკულ მლს-ში არის გუნდი ჰიუსტონის “დინამო”.

რა არის “დინამო”?
– სიტყვა დინამიკიდან მოდის და ეწოდება გენერატორს, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მას სხვადასხვა სახის გამოყენება აქვს, მარტივად რომ ვთქვათ, თუნდაც ველოსიპედზე დამაგრებულ დინამოს პატარა ბორბალი ატრიალებს, რომელიც სალტეს აწვება. ამ დინამოს შიგნით მაგნიტია, რომელიც მავთულის კოჭის მახლობლად ბრუნავს.

მაგნიტური ველის კოჭაში გავლისას, ელექტრული დენი აღიძვრება. ეს დენი კოჭის მახლობლად მბრუნავი მაგნიტის ხან ერთ პოლუსს გაივლის, ხან კი – მეორეს. ამიტომ ხან წინ მიედინება, ხანაც – უკან. ასეთ დენს ცვლადი დენი ეწოდება.

“ტორპედო” – ეს დასახელებაც საკმაოდ გავრცელებულია პოსტსაბჭოთა ქვეყნების სპორტში. ეს არის წყალქვეშა იარაღი, გამოიყენება გემების წინააღმდეგ. დამახასიათებელია ცილინდრული ფორმა, გააჩნია საკუთარი ძრავა და წყალქვეშა ფრთები მანევრირებისთვის.

“ლოკომოტივი” – ფრანგული სიტყვაა, რაც აღნიშნავს მანქანას, რომელიც მოძრაობს რკინიგზის ლიანდაგზე და განკუთვნილია მატარებლის შემადგენლობის ან ცალკეული ვაგონების წასაყვანად.

“ჩიხურა” – არის მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, 2042 მეტრ სიმაღლეზე.

“კოლხეთი” – დასავლეთ საქართველოს დიდი სახელმწიფოებრივი გაერთიანება. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აღწერილია, როგორც აიეტისა და მედეას სამშობლო და არგონავტების მოგზაურობის დანიშნულების ადგილი. უძველესი რეგიონი მოიცავდა დღევანდელ აფხაზეთს, სამეგრელოს, სვანეთს, რაჭას, იმერეთს, გურიას, აჭარას, რუსეთის, სოჭისა და ტუაფსეს მხარეებს და თანამედროვე თურქეთის რიზეს, ტრაპიზონის, გირესუნის პროვინციებსა და ართვინის პროვინციის მნიშვნელოვან ნაწილს. ფაზისი, იგივე ფოთი კი მისი დედაქალაქი იყო.

“სიონი” – უძველესი ქართული ტაძარი, ბოლნისის სიონი ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში, მდინარე ფოლადაურის ნაპირას მდებარეობს. ბოლნისის სიონი V საუკუნეში აგებული სამნავიანი ბაზილიკაა, ღია თაღოვანი გალერეით ჩრდილოეთ ფასადის გაყოლებით, მეორე მცირე თაღოვანი გალერეით და სანათლავი ოთახით სამხრეთის მხარეს.

“დილა” – რატომ ჰქვია გორულ გუნდს “დილა”? ადრე ნამდვილად არ ვიცოდი და არც კლუბის საიტზე არ არის განმარტებული სახელის დარქმევის მიზნობრიობა. შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ გორულ კლუბს სახელი იოსებ სტალინის ლექსის, “დილას” მიხედვით აქვს შერჩეული.

“ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,
გადაჰხვეოდა იასა,
ზამბახსაც გაჰღვიძებოდა
და თავს უხრიდა ნიავსა.
ტოროლა მაღლა ღრუბლებში
წკრიალ-წკრიალით ჰგალობდა,
ბულბულიც, გრძნობით აღვსილი,
ნაზის ხმით ამას ამბობდა:
“აყვავდი ტურფა ქვეყანავ,
ილხინე, ივერთ მხარეო,
და შენც, ქართველო, სწავლითა
სამშობლო გაახარეო!”

დანარჩენ ეროვნული ლიგის კლუბებს სახელი სათამაშო ადგილმდებარეობიდან გამომდინარე აქვთ შერჩეული.

 

sportall.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები