LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვიცაა

274
digomi

თბილისში, დიღმის მასივში, მეოთხე კვარტლის მეხუთე კორპუში აფეთქების შედეგად 7 ადამიანია დაშავებული, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

ცნობილია, რომ შედარებით მძიმეა ერთი – 21 წლის მამაკაცის მდგომარეობა. მას ძლიერი სხეულის დამწვრობა აქვს მიღებული.

“მოხდა სავარაუდოდ, გაზის აფეთქება. დაზიანებულია 7 პიროვნება, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სიტუაცია სტაბილურია, პოლიცია ადგილზე იცავს წესრიგს,” – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა ვაჟა სირაძემ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნავთობის, ნავთობპროდუქტების ობიექტზე, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

“ყაზტრანსგაზის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ბინა დაკეტილი იყო, შესაძლოა სიმართლეს არ შეესაბამებოდეს, რადგან ადგილობრივები ამბობენ, რომ 21 წლის მამაკაცი, სწორედ იმ ბინიდან გამოიყვანეს, რომელიც აფეთქდა.

თუმცა, დამატებითი განცხადება გავრცელდა კომპანიის მიერ შეტყობინების მიღების თაობაზე, ადგილობრივბი ამბობენ, რომ მათ კომპანიაში შემთხვევამდე ნახევარი საათით ადრე დარეკეს.

„კომპანიის ცხელ ხაზზე ზარი კორპუსში გაზის სუნის შესახებ შემოსულია 11:50:32 საათზე. სწრაფი რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გასულია 11:55:27 საათზე, ხოლო ადგილზე ჯგუფი მივიდა 12:11:07 საათზე, აალება მოხდა 12:10 საათზე. შესაბამისად გავრცელებული დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზი თბილისის“ წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ 30 წუთის დაგვიანებით, სიცრუეა. ასევე, არ შეესაბამება სინამდვილეს, თითქოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი აალებამდე იყო მისული და დათვალიერების შედეგად გაზის სუნი ვერ აღმოაჩინა. ვთხოვთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მოსახლეობა შეძლებს თუ არა კორპუსში დაბრუნებას, ჯერჯერობით უცნობია, ეს მას შემდეგ გადაწყდება რაც ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება და ზარალი შეფასდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები