LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიღმის ჭალები – როგორი იქნება დედაქალაქის ყველაზე დიდი პარკი [ფოტოები]

15888
57395829_2404526666443805_6357110008252989440_o

დიღმის ჭალების პარკის პროექტირება დასრულდა. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ცნობით, უახლოეს მომავალში ტენდერი პარკის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება.

პროექტის მიხედვით, დიღმის ჭალებში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჭალის კუნძულზე, საერთო ჯამში, დაახლოებით 15 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე დიზაინის მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა, რომელიც თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ სარეკრეაციო სივრცის ფუნქციას მიიღებს.

 

დიღმის ჭალებში, მდინარე მტკვრის სანაპიროზე მისასვლელი სასეირნო ბილიკებიც მოეწყობა. ამ მხრივ, ეს ტერიტორია უნიკალური იქნება, რადგან თბილისში სხვაგან მდინარე მტკვრის სანაპიროზე სეირნობა შესაძლებელი არაა.

 

გათვალისწინებულია ჭალის კუნძულზე საფეხმავლო ხიდის გაკეთება, რომელიც დააკავშირებს პარკის ძირითად ტერიტორიას მდინარეში მდებარე კუნძულთან და ჭალის ტყესთან. თუმცა, უშუალოდ კუნძულზე არ მოეწყობა საფეხმავლო სივრცეები, რათა კუნძულის პარკთან ინტეგრირება ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების გარეშე მოხდეს და იქ არსებული ბიომრავალფეროვნება და ჰაბიტატები უცვლელი სახით შენარჩუნდეს.

 

 

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ მთლიანად პარკი დაგეგმარებულია „მწვანე არქიტექტურის“ პრინციპების შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც, ასაშენებელი შენობა და კონსტრუქციები მაქსიმალურად იქნება შერწყმული ბუნებასთან და ლანდშაფტთან. პროექტი სხვადასხვა ფუნქციურ ზონას ითვალისწინებს.

„პარკის პროექტის უმეტესი ნაწილი მწვანე სივრცეებს დაეთმობა. მოეწყობა, როგორც ღია დასასვენებელი და საპიკნიკე ადგილები, ასევე, ხეებით ხშირად დაფარული მწვანე სივრცეები.

დიღმის ჭალების პარკის პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ფუნქციურ ზონას, მათ შორის, ბავშვების გასართობ, სპორტულ, სკეიდბორდის და ამფითეატრისათვის გამოყოფილ ტერიტორიებს. პარკში განთავსდება მრავალფუნქციური შენობა, რომლის ქვედა დონის სივრცე გამოყენებული იქნება მედიათეკად და კვების ობიექტის განსათავსებლად, ხოლო ზედა დონეზე კი განთავსდება ამფითეატრი, რომელიც ერწყმება გარშემო არსებულ ლანდშაფტს“, – აცხადებენ უწყებაში.

დიღმის ჭალების პარკის მშენებლობა ორ წელიწადზეა გაწერილი. სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება, ხოლო პარკის დასრულება 2020 წლის ბოლოს იგეგმება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

✅პარკის ცენტრალურ ნაწილში გაკეთდება ხელოვნური ტბა, რომელშიც წყალი მდინარე მტკვრისგან აიღება და შემდგომ გამოიყენება პარკის სარწყავი სისტემისათვის, რაც დამატებით დაზოგავს მორწყვისათვის საჭირო ენერგორესურსსა და ფინანსებს.

✅ ასევე, ტერიტორიის დენდროლოგიაც განახლდება. სრულად შენარჩუნდება ადგილზე არსებული ჯანსაღი ხეები, ხოლო დაავადებული და ხმობადი ხეები მოიჭრება და მათ ნაცვლად, ჭალის ტყისათვის დამახასიათებელი სახეობების ახალი ნერგები დაირგვება. სულ, დიღმის ჭალების საქალაქო პარკში 750 ახალი დიდი ზომის ხე დაირგვება. აღსანიშნავია, რომ კუნძულზე არსებული ტყე უცვლელად შენარჩუნდება.

 

✅ პარკის პროექტირებისას გაითვალისწინეს ინკლუზიურობა და მასზე თანაბარი წვდომა ყველა ვიზიტორისათვის, შესაბამისად, ყველა ზონა შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება.

✅ პარკის მშენებლობისას გამოიყენებენ ეკოლოგიურ მასალებს, როგორიცაა ხე, ქვა და მეტალი. საფეხმავლო ბილიკებზე დაიგება ასფალტი, რომელიც გარშემო მწვანე სივრცესთან ინტეგრირებული იქნება.

✅ პარკის ცენტრალური შემოსასვლელი მოეწყობა ჯორჯ ბალანჩინისა და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების კვეთის ადგილას, სადაც დაგეგმილია საპარკინგე სივრცის, შემოსასვლელი როტონდისა და პორტალის განთავსება. პარკში მოხვედრა, ასევე, შესაძლებელი იქნება საფეხმავლო ხიდით, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან კუნძულის გავლით, რაც ამ სივრცეს ხელმისაწვდომს გახდის პარკის მეორე ნაპირას მცხოვრები მოსახლეობისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები