ბაკურიანი ზაფხულის სეზონს სიახლით შეხვდა – დიდველზე სამთო-სათხილამურო კურორტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი – სამთო ციგა, ე.წ. „ტობოგანი“ მოქმედებს.
„ტობოგანის“ მშენებლობა სლოვაკურმა კომპანია „Tatralift”-მა განახორციელა. ტრასის სიგრძე 960 მეტრია, საერთო სიგრძე სტარტზე დაბრუნებისას – 1360 მეტრი, ტრასის დახრილობა კი 28%-ია. პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 3 000 000 ლარია.
როგორც ბაკურიანში ჩასულმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ბაკურიანის განვიტარებისთვის ხორციელდება და დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. მათ შორის, კოხტაზე უკვე დამონტაჟდა საბაგიროები, მიტარბის მხარეს სრულდება და წელს სეზონისთვის იქნება დასრულებული საბაგირო, რაც მთლიანად, ერთ კომპლექსად შეიკვრება და გაკეთდება ძალიან ლამაზ ბუნების ლანდშაფტში ჩაფლული სათხილამურო ტრასები, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ალბათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში.
“კერძო სექტორი აშენებს ახალ სასტუმროებს, შენდება გასართობი ცენტრები, შენდება შოპინგისთვის სპეცილური ნაგებობები, რომ ტურისტებს შეეძლოთ გართობა. ასევე დიდველზე დამონტაჟდა სამთო ციგა, რომელიც როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ატრაქციონი იქნება. ყველაფერი ეს იმისთვის კეთდება, რომ ადგილობრივმა ოჯახურმა სასტუმროებმა და მცირე საწარმოებმა მეტი შემოსავალი ნახონ და რა თქმა უნდა ეს იქნება ტურიზმისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება და მოიბამს ბორჯომის სასტუმროებსაც, იმიტომ, რომ ბორჯომის სასტუმროებიდან დანიშნული იქნება უფასო შატლი-ავტობუსი, რომელიც ამოიყვანს ტურისტებს, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონზე,”- განაცხადა პრემიერმა.
მისივე განმარტებით, ასევე იგეგმება ბიატლონის ტრასის მშენებლობა, რომლის პროექტირებას ახორციელებენ ფრანგი ექსპერტები, რაც წლის ბოლომდე დასრულდება.