LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს ვიზები არ მისცა

69
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

რუსული მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის დელეგაციის წევრებს, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში ვიზები არ მისცა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია 2-6 ივლისს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში გაიმართება.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო, დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული პერსონალური სანქციების სიაშია ფედერაციის საბჭოს ყველა წევრი. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვლადიმირ ჯაბაროვის განცხადებით, მათ ლონდონს მიმართეს, რომ რუსეთის დელეგაციისთვის მიეცა „უმნიშვნელოვანეს საპარლამენტო ღონისძიებაში“ მონაწილეობის შესაძლებლობა, თუმცა, მიიღეს „აღმაშფოთებელი პასუხი“, რომ რუსეთის დელეგაციის წევრებს ვერცერთი მიზნით, ვიზებს ვერ მისცემენ.

სენატორმა ჯაბაროვმა დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამ „დისკრიმინაციული მოქმედებით“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის დარღვევაში დაადანაშაულა. ჯაბაროვის თქმით, დეკლარაციით სავალდებულოა ეუთოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შეუფერხებელი მონაწილეობა ორგანიზაციის ნებისმიერ, ოფიციალურ ღონისძიებაში. სენატორმა ჯაბაროვმა ასევე აღნიშნა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე შესაძლოა, ასამბლეიდან რუსეთის დელეგაციის გარიცხვის საკითხი დადგეს.