„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდებიან. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დიდი შვიდეულის“ რიგით 48-ე სამიტი გერმანიაში, ბავარიის რეგიონში გაიმართება. მასში მონაწილეობას აშშ-ის, იაპონიის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის და გერმანიის ლიდერები, ასევე ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტები მიიღებენ.
მედიის ცნობით, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას სამშაბათს გამოაქვეყნებს. აკრძალვის მიზანი გლობალური ეკონომიკიდან რუსეთის შემდგომი იზოლაცია და ოქროს ბაზარზე რუსეთის მონაწილეობის შეზღუდვაა.
როგორც მედია წერს, ოქროს ექსპორტი რუსეთის ბიუჯეტისთვის რიგით მეორე შემოსავლის წყაროა ენერგორესურსების შემდეგ. დასავლეთის სანქციების გამო, საერთაშორისო ბაზრის არაერთმა მოთამაშემ უკვე შეწყვიტა რუსული ოქროს ყიდვა საბანკო ოპერაციების სფეროში სანქციების რეჟიმის დარღვევის შიშის გამო. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით ოქროს მოპოვებაში რუსეთის ყოველწლიური წილი 10 პროცენტს შეადგენს.