“ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია, პირველად ვიჯდე ამ სავარძელში და ვუძღვებოდე სხდომას 31 მარტს, იმ დღეს, როდესაც საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი”, – ამის შესახებ განცხადება პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.
მისი განცხადებით, 30 წლის წინ, ამ დღეს დაიბადა ქართული სახელმწიფო. იოსელიანი საზოგადოებას რეფერენდუმის ჩატარების 30 წლისთავს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს ულოცავს.
“ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია, პირველად ვიჯდე ამ სავარძელში და ვუძღვებოდე სხდომას 31 მარტს, იმ დღეს, როდესაც საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, იმ დღეს, როდესაც ამომრჩევლების ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს მოქალაქეების 99 პროცენტმა მხარი დაუჭირა ქართული სახელმწიფოს დაბადებას. ნამდვილად, 30 წლის წინ, ამ დღეს დაიბადა ქართული სახელმწიფო. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, რომელთა მონაწილეობითაც შეიქმნა ეს სახელმწიფო. სწორედ მათ ჩვენთან ერთად დაუჭირეს მხარი ქართული სახელმწიფოს შექმნას. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ სახელმწიფო სამომავლოდ იქნება ჩვენი საერთო წარმატების ასპარეზი. ძალიან მნიშვნელოვანია და ვერ გავაცალკავებთ ერთმანეთისგან დღევანდელ დღეს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას მონაწილეობას ამ დღესთან დაკავშირებით. რომ არა, ის და მერაბ კოსტავა, ეს დღე შეიძლება საერთოდ არ შემდგარიყო. რომ არა, ჩვენი დაპირისპირება, რომ არა, ის, რაც დღემდე გრძელდება, შეიძლება ზვიად გამსახურდია დღეს, აი, აქ, ჩვენთან ერთად მჯდარიყო. დღეს მას 82 წელი შეუსრულდებოდა. ყველა თქვენგანს, სრულად საქართველოს მინდა, მივულოცო რეფერენდუმის 30 წლისთავი და მივულოცო საქართველოს პირველ პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. 30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, რომლის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და გაათავისუფლა საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან.