„უკვე 30 წელია საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ეს როგორმე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა უნდა გაითავისონ და უნდა შეეგუონ ამას”,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ის რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის ყველა შენობასა და დოკუმენტზე წვდომას ითხოვს.
“რას ნიშნავს ჩამოვლენ და ყველა კუთხე კუნჭულში შევლენ. ისევე ჩამოვა რუსი აქ , როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში. რამოდენიმეჯერ მოვიწვიეთ რუსები, ოღონდ არა მარტო რუსები. ამას არ დავუშვებთ ჩვენ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში“ , – აღნიშნა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, 26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოსგან ელის პასუხს ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების დაშვებასთან დაკავშირებით, რადგან მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის ნაკლებობით ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.