LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიაგნოზის გაგებაზე მტკივნეული, ჩემი შვილის ცრემლების დანახვა იყო.. არ შეშინდეთ! ვიბრძოლე და ძალიან მალე ფეხზე დავდექი“ – ონკოპაციენტი, რომელმაც სხვების დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდი დააარსა

592
Untitled design

„არ შეშინდეთ! ცხოვრება გრძელდება – კიბო განაჩენი არ არის, ბრძოლა ბოლომდე“ – უკვე 6 თვეა ეს ფრაზა თეა ადუაშვილის მთავარ ლოზუნგად იქცა. რამდენიმე კომპანიისა და ასოციაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელმა, საკვერცხის კიბოს დიაგნოზის გაგების შემდეგ, საკუთარი და სხვა ონკოპაციენტების მოტივაციისთვის ბრძოლა ურყევი შემართებით დაიწყო.

4 შვილის დედას გამარჯვების რწმენა ერთი წამითაც არ დაუკარგავს. მეტიც, დიაგნოზზე საუბარი საჯარო სივრცესა თუ სოციალურ ქსელში, სხვა ონკოლოგიური პაციენტების მხარდასაჭერად და მოტივაციის მისაცემად დაიწყო.

მისი შემართება გადამდები აღმოჩნდა. ხშირად ეუბნებიან, რომ როდესაც მას უყურებენ, კიბოს დიაგნოზის აღარ ეშინიათ. გვიყვება, რომ ყველაზე დიდ ბედნიერებას სხვების დახმარება ანიჭებს, სწორედ ამიტომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ადამიანების დასახმარებლად 3 თვის წინ, 18 აპრილს, ფონდი „სიცოცხლის გადასარჩენად“ დააფუძნა.

განვლილ გზაზე, საკუთარ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე, თეა ადუაშვილი „ფორტუნასთან“ საუბრობს.

 

„ოდნავი შიშიც არ მქონია“ – დიაგნოზი და პირველი რეაქცია

 

დიაგნოზის შესახებ სრულიად შემთხვევით შეიტყო. ყველაფერი 12 იანვარს დაიწყო, როდესაც რამდენიმედღიანი დაბალი ტემპერატურის გამომწვევი მიზეზის გასარკვევად, გამოკვლევების გაკეთება გადაწყვიტა:

„თავდაპირველად თირკმლის პრობლემა მეგონა, გამოკვლევებიც ამ მიმართულებით გავიკეთე, თუმცა არაფერი აღმოჩნდა. შემდეგ შემთხვევით, მუცლის ღრუს გამოკვლევის შედეგად, მუცელში სითხე აღმოჩნდა. დამინიშნეს ონკომარკერები და გადამიღეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რამაც მესამე სტადიის საკვერცხის სიმსივნე დაადასტურა.

 

 

 

პირველ წამს იყო შოკი.. წარმოუდგენელი რაღაც.. ასეთ რამეს არავინ ელოდება და ყველა ვამბობთ: „ეს მე არ დამემართება“. თან ჩემი ქალიშვილი მახლდა, სანამ გამოვიდოდი, მას უკვე რაღაც უთხრეს. მოწყენილი იჯდა და ცრემლები წამოუვიდა, დიაგნოზის გაგებაზე მტკივნეული, ჩემი შვილის ცრემლების დანახვა იყო.

რაც შეეხება ჩემს ემოციურ მდგომარეობას, ოდნავი შიშიც კი არ მქონია. არ ვიცი, ეს რას ნიშნავს.. დიაგნოზის გაგების შემდეგ ისე ავიყვანე თავი ხელში, რომ პირველივე წუთიდან დღემდე პოზიტიური განწყობით ვარ. მხოლოდ ერთხელ გავიფიქრე: „მე რატომ დამემართა?!“, ეს ემოცია მაშინვე დავბლოკე, რადგან ადამიანს შეიძლება ბევრი კითხვა გაუჩნდეს, რამაც შემდგომ დეპრესია და უსამართლობის განცდა გამოიწვიოს.

შინაგანად მჯერა, რომ გავიმარჯვებ, ეს სიმხნევე ძალიან ბევრ რამეში მეხმარება, დიაგნოზზე ბევრს აღარ ვფიქრობ“, – ამბობს თეა ადუაშვილი.

 

„გადავლახე და ძალიან მალე დავდექი ფეხზე“ – ბრძოლა დიაგნოზთან

 

თეა ადუაშვილი დიაგნოზის დასმის შემდეგ განვლილ გზაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ დროს, ყველაზე მნიშვნელოვან როლს ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ასრულებენ. სწორედ ამ ადამიანებისგან იგრძნო მან ყველაზე დიდი მხარდაჭერა და გვერდში დგომა.

„თავდაპირველად გაურკვევლობაში ხარ, არ იცი რა გააკეთო, ჯერ დიაგნოზის გაგებაა მტკივნეული, შემდეგ ჩნდება გამოწვევა – ვის მიმართო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძლიერი სპეციალისტები გვყავს, რამდენიმე ახლობელის გამოცდილებიდან გამომდინარე, გამგზავრება საზღვარგარეთ გადავწყვიტე – გერმანიაში მყოფ ქართველ ექიმთან, დავით ბოხუასთან დამაკავშირეს.

5 დღეში გავემგზავრე. გამიკეთეს პირველი ოპერაცია, რომელსაც სიმსივნის ტიპი უნდა დაედგინა. აღმოჩნდა, რომ აგრესიული ფორმის არ არის და ნელი გავრცელების ტიპია.

გერმანიის კლინიკაში დავით ბოხუასთან ერთად კიდევ ერთი ექიმი დამხვდა – ლევან ძოწენიძე. ისინი მხოლოდ ექიმები არ იყვნენ, ადამიანურად ძალიან დამიდგნენ გვერდში, ეს ალბათ, გამართლებაა. იმდენად მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ ქართულად ხმის გაგონებაც კი..

დავითმა მითხრა: „ჩემზეა დამოკიდებული, ახლა როგორ გავაკეთებ ოპერაციას და შემდეგ უკვე შენზეა დამოკიდებულიო“ – ჩემზე იყო დამოკიდებული, მოვდუნდებოდი, თუ ვიბრძოლებდი და ვიბრძოლე! გადავლახე და ძალიან მალე დავდექი ფეხზე“, – გვიყვება თეა ადუაშვილი.

პირველი ოპერაციიდან ხუთ დღეში, მეორე ოპერაცია დაიგეგმა. რვასაათიანი, საკმაოდ რთული ოპერაციის შემდეგ, ერთ თვეში საქართველოში დაბრუნდა. დიაგნოზის დასმიდან დღემდე კი ქიმიოთერაპიის 6 კურსი ჩაიტარა.

 

 

„ამ მდგომარეობამ მოტივაცია მომცა, 6 თვეში ძალიან ბევრი რამ გავაკეთე“ – საქველმოქმედო ფონდი „სიცოცხლის გადასარჩენად“

 

როგორც თეა გვიყვება, დიაგნოზის დასმის შემდეგ სხვადასხვა დაბრკოლება და გამოწვევა იჩენს თავს, მაგალითად, რომელ ექიმს მივმართოთ; როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება; გვეკუთვნის თუ არა დაზღვევა.

სწორედ ამ მიზეზებმა მას საქველმოქმედო ფონდის შექმნა გადააწყვეტინა. ამასთან, უნდოდა, მისი განწყობა და მხნეობა სხვა ონკოლოგიური პაციენტებისთვისაც მოტივაციის მიმცემი გამხდარიყო.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი სიხარული იცით რა იქნება? ვინც ამ ფონდში ჩავერთვებით, ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ. ეს ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს, იმედი მაქვს, ჩვენ ამას შევძლებთ!

დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც ვინმეს ვეხმარები, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი – ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის არა მხოლოდ მოტივაცია მიმეცა, არამედ ფინანსური, მორალური დახმარებაც გაგვეწია და ამ ბრძოლაში მათ გვერდით ვყოფილიყავით“, – ამბობს თეა.

საქველმოქმედო ფონდი „სიცოცხლის გადასარჩენად“ 19 აპრილს დაფუძნდა. ამ დროისთვის მას მცირე შემოწირულობა უკვე აქვს, უახლოეს პერიოდში კი ბორდი შეიკრიბება და მუშაობას ფინანსების მოზიდვისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით დაიწყებს, ასევე იგეგმება მასშტაბური ღონისძიებებიც.

„როდესაც სამკურნალოდ გერმანიაში მივემგზავრებოდი, მცირე დროში სრული თანხის მობილიზება ვერ შევძელით, ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრე – „ჯადოსნური 10 ლარი“, მეხმარებოდნენ ახლობლები, ნაცნობები, უცნობები.. მოგროვდა გარკვეული თანხა, რომელმაც გარკვეული დახმარება გაგვიწია.

ჩვენი ფონდის ფარგლებში, ამ აქციას აუცილებლად განვახორციელებთ კონკრეტულ პიროვნებაზე“, – ამბობს თეა ადუაშვილი.

 

 

„ონკოპაციენტებს გამორჩეული ადამიანები დავარქვი – ჩვენ უფალმა რაღაც მიზნით გამოგვარჩია – არ შეუშინდეთ დიაგნოზს, ცხოვრება გრძელდება“

 

თეა ადუაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარი დიაგნოზის შესახებ ხშირად საუბრობს და საზოგადოებისგანაც უამრავ მხარდამჭერ გზავნილს იღებს. სხვა ონკოპაციენტებს ურჩევს – არ შეუშინდნენ დიაგნოზს და სჯეროდეთ, რომ გაიმარჯვებენ:

„ჩემი დიაგნოზი თავიდანვე საჯარო გავხადე. ამდენი ადამიანის მხარდაჭერა და კეთილი სურვილები მეც მამხნევებდა, კარგ განწყობას მიქმნიდა და ვმშვიდდებოდი. ასევე მინდოდა, ჩემი განწყობა სხვა ადამიანებისთვისაც მოტივაცია გამხდარიყო.

ძალიან ბევრი ადამიანი მწერს: „შენ რომ გიყურებ, ამ დიაგნოზის აღარ გვეშინიაო“, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

მთავარია მიზანი და შემართება. ყველაფერს მიაღწევენ და გადალახავენ. ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მაქვს ძალიან დიდი გეგმები და სწორედ ამაზე ვფიქრობ და არა დიაგნოზზე.

ყოველთვის ვამბობ – „კიბო განაჩენი არ არის“, ბრძოლა ბოლომდე!“ – ამბობს „ფორტუნასთან“ თეა ადუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები