თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებს მასწავლებლები და მოსწავლეები ყველაზე ბოლო ეტაპზე დაუბრუნდნენ. როგორ ჩაიარა პირველმა დღემ და რა რეკომენდაციის გათვალისწინება უწევთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას – ამ საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ხუციშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, დარღვევების ცალკეული შემთხვევები იყო,თუმცა საერთო ჯამში, საკლასო ოთახებში სწავლა რეგულაციების სრული დაცვით განახლდა.
ამასთან, როგორც ეკატერინე ხუციშვილმა აღნიშნა, სამ ქალაქში მოსწავლეების დაახლოებით, 16%-მა ისურვა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გაგრძელება.
“დღევანდელი დღე იყო საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იმუშაონ სკოლებმა და ადმინისტრაციებმა. განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი პროტოკოლის ფარგლებში. ბევრ სკოლაში განხორციელდა მონიტორინგი. თითქმის ყველგან იყო მაქსიმალურად დაცული სტანდარტი. სიცხის გამო იყო შემთხვევები და სკოლამ დადგენილი ნორმის მიხედვით იმოქმედა. მოსწავლეს და მშობელს მიეცათ რეკომენდაცია მიემართატ დროულად ოჯახის ექიმისთვის. ცალკეული ფაქტები იყო დისტანციის დაცვის დარღვევასთან დაკავშირებით. თუმცა სკოლებმა ადგილზევე დაარეგულირეს ნაკადის მოძრაობა. სხვა მნიშვნელოვანი გამოკვეთილი დარღვევა არ გვქონია დღეს”- განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.
დღეიდან საქართველოს მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება