LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღესდღეობით მოდის სფეროში ქართველები მართავენ მსოფლიოს“ – თეონა თავართქილაძე სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

4
vizitorishow

გადაცემის ჩანაწერი live

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია დიზაინერი და ტელეწამყვანი, თეონა თავართქილაძე, რომელმაც თანამედროვე მოდის ტენდენციებსა და საკუთარ საქმიანობაზე ისაუბრა. 

პირველ რიგში როგორ ხარ?

ამ ყოფაში როგორც უნდა ვიყო, სავარაუდოდ კიდევ რაღაც პერიოდი შეიძლება ასე ვიყოთ, ამიტომ ვცდილობ მოვერგო ამ სიტუაციას.

რა ხდება შენს პროფესიაში, ვგულისხმობ დიზაინერობას?

რაც შეეხება ტანსაცმელს, სიახლეები არ არის, მე წლების წინ სანამ ჩემს ცხოვრებაში ტელევიზია შემოვიდოდა, წამოვიწყე პროექტი „ბიუთი ბოქსი“, რამაც ამ სამყაროში უფრო გადამიყვანა, ის ბევრ დროს მოითხოვს ჩემგან. სხვა საქმეს ვეღარ ვაკეთებ, ბოლომდე ვარ ამ საკითხში გადავარდნილი. ჩემი ძველი საქმე ბევრმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ გადაიბარა. დღეს ორი რაღაცით ვარ დაკავებული, ეს არის „ბიუთი თემა“ და ასევე ტელევიზია, ანალოგიური თემატიკით. რა თქმა უნდა, მენატრება ხოლმე ძველი პროფესია, ზოგჯერ მესიზმრება ხოლმე, თუმცა ეს ორი სფერო ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან.

როგორც პროფესიონალ დიზაინერს, რამდენად მოგწონს თანამედროვე ტენდენციები?

როცა ფიქრობ, რომ ახალი ველოსიპედს ვეღარ მოიფიქრებ, სისულელეებს აკეთებ, თუმცა გვერდიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს, ამ ყველაფრის უკან შესაძლოა რაღაც ინსპირაცია იყოს, რომელიც ამართლებს ზოგჯერ. სწორედ მაშინ ხდება ეს ყველაფერი ღირებული. თუ რაიმე შექმნილია მხოლოდ ეპატაჟისთვის, ის აქტუალობას მალევე დაკარგავს. რაც შეეხება დემნა გვასალიას, ვიცი რომ მას დიდი ინსპირაცია ჰქონდა, ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, მსოფლიოში აქტუალურ საკითხი, რომელსაც მოდასთან კავშირი არ აქვს,  მოდური გახადოს. კიმ კარდაშიანი რომ სრულად დაფარული იყო, ჩემი აზრით ამაში დიდი ჩანაფიქრი იდო. მე ამაში დიდი კრეატივი დავინახე. თუმცა მე დემნას ტანსაცმელს არასდროს ჩავიცვამდი. მე მომწონს ჯაბა დიასამიძე, მისი სტილი, მე ლამაზად წარმოჩენილი ქალი მომწონს. თუმცა ის, რასაც ბოლო წლებია დემნა აკეთებს, მუდამ აქტუალური, გასაშუქებელი და სალაპარაკოა, ეს ძალიან მაგარია.

შენი აზრით, რით განსხვავდება ქართული მოდა მსოფლიო მოდისგან?

არიან ისეთი დიზაინერები, რომლებიც ქმნიან მხოლოდ თავისი გემოვნებით, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც საერთოდ არაფერს ითვალისწინებენ. სხვათა შორის, დემნას დამკვიდრებულია სხვადასხვა სტილისტიკის ერთმანეთში არევა, ასევე ტანსაცმლის ბევრი ფენა, შარვალზე კაბა, კაბაზე ჟილეტი, ჟილეტზე პიჯაკი და პიჯაკზე პალტო, – ესეც ქართველი დიზაინერების მიერაა დამკვიდრებული. პასუხს ვაგებ ამ სიტყვებზე, დღესდღეობით მოდის სფეროში ქართველები მართავენ მსოფლიოს.

შეაფასე ქართველი ხალხის ჩაცმის სტილი…

ვფიქრობ, რომ ჩვენთან არ არსებობს საშუალოდ ჩაცმული ადამიანი, მათ აცვიათ ახალი ტენდენციების გათვალისწინებით, თუმცა ეს ხდება რაღაც კონკრეტულ ადგილებში და ეს ეხება კონკრეტულ საზოგადოებას. რაც შეეხება მასას, მათზე ვერაფერს იტყვი, ვერც იმას, ვერც ამას. როდესაც უფრო მნიშვნელოვან რაღაცეებზე გაქვს საფიქრალი შეიძლება ის ჩაიცვა, რაც ხელში მოგხვდება.

ახლა გვესაუბრე საკითხზე „თეონა და ტელევიზია“…

ბავშვობიდან ვოცნებობდი წამყვანობაზე. მუყაოსგან ყუთს გამოვჭრიდი ხოლმე და ვითომ ტელევიზორში ვსაუბრობდი. სამი წლის წინ, როდესაც  „ბიუთი“ რუბრიკის წაყვანა შემომთავაზეს, არც კი დავფიქრებულვარ. მხოლოდ ერთი რეპეტიციის გავლა დამჭირდა.

ახლა ოჯახზეც ვისაუბროთ, როგორია არველაძეების რძლობა?

გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, კონფლიქტი, თუნდაც მცირე შეკამათება არასდროს მოგსვლია ამდენი წლის განმავლობაში. იუმორი, სილაღე დადებითი განწყობა, – ეს ყველაფერი გადამდებია მეც წამიყვანეს თავიანთ მხარეს. ჩვენს დიდ ოჯახში არასდროსაა კონფლიქტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები