დღეს წითელი პარასკევია, დიდმარხვის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს მართლმადიდებლურ ტაძრებში წირვა არ აღევლინება, მორწმუნეები ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხნას და დასაფლავებას იხსენებენ.
14 საათზე საქართველოს ყველა ეკლესიაში გარდამოხსნის რიტუალი შესრულდება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. ტაძრის შუაგულში მზადდება ყვავილებით მორთული სადგამი, საკურთხეველში კი გარდამოხსნას, დიდ ქსოვილს დაასვენებენ, სადაც მაცხოვარია ამოქარგული. სასულიერო პირები გარდამოხსნას საკურთხევლიდან გამოაბრძანებენ, ტაძარში ერთხელ შემოატარებენ და ტაძრის შუაში მოთავსებულ სადგამზე დააბრძანებენ.
რიტუალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში შეასრულებს.
გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.
წითელ პარასკევს მართლმადიდებლები კვერცხებს წითლად ღებავენ.