ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, კონსტიტუციის ტექსტი კარგია, თუმცა არის საკითხები, რაც უნდა გაირკვეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანი ბუკიკიომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს უკვე ოპტიმისტურადაა განწყობილი.
„მოგეხსენებათ, მე არაერთი შეხვედრა გავმართე და სასურველი ინფორმაცია მოვისმინე. დღეს უკვე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩემი აზრით, დღეს უკვე არსებობს საფუძველი იმისა, რომ კონსენსუსი იყოს მიღწეული.
გუშინ, მე დიალოგისკენ მოვუწოდე, როგორც უმრავლესობას, ისე ოპოზიციას. მხოლოდ ამ მხარეებს შორის გამართული კონსტრუქციული დიალოგი გადაარჩენს კონსტიტუციას.
კონსტიტუციის ტექსტი კარგია, თუმცა არის საკითხები, რაც უნდა გაირკვეს. უნდა იყოს მიღებული არა ერთი პარტიის, არამედ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ“, – განაცხადა ბუკიკიომ.