შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 29 სექტემბერს თბილისი-მარათონის გამო დილის 07:00 საათიდან 13:00 საათამდე დედაქალაქის ცალკეულ უბნებში მანქანით გადაადგილება შეიზღუდება
უწყების ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება:
- კრწანისის მოედანზე — მანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე;
- თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით, ავტომანქანები იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით;
- გადაიკეტება თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგური მარჯანიშვილის მიმართულებით, ასევე, დავით აღმაშენებლის გამზირი, მიხეილ წინამძღვრიშვილის და მიმდებარე ქუჩები;
- მოძრაობა, ასევე, აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.
მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით:
- სოლოლაკიდან მანქანები იმოძრავებენ ლადო ასათიანის და ოვანეს თუმანიანის ქუჩების გავლით, საიდანაც ჩავლენ ვახტანგ გორგასლის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებენ ჯებირებით გაყოფილ გორგასლის ქუჩაზე, კრწანისის მოედნის მიმართულებით;
- ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი მანქანები გზას დანიელ ჭონქაძის ქუჩით გააგრძელებენ;
- ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ჩამოსული ავტოტრანსპორტის ნაკადი მოძრაობას ჯებირებით გაყოფილ რუსთაველის გამზირზე, ფილარმონიის მიმართულებით გააგრძელებს;
- ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე ავტომანქანების ნაკადი მარჯვენა სანაპიროს გავლით იმოძრავებს, ავლაბრის მოედნის მიმართულებით. მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ტრანსპორტი კი მარი ბროსეს ქუჩის გავლით იმოძრავებს რეზო თაბუკაშვილის ქუჩისკენ;
- უშანგი ჩხეიძის ქუჩიდან გამოსული ნაკადი იმოძრავებს ჯებირებით გაყოფილ გალაქტიონის ხიდზე, საიდანაც სვლას გააგრძელებს მარჯვენა სანაპიროზე, ლაგუნა ვერეს მიმართულებით;
- ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირო იუსტიციის სახლთან ჯებირებით გაიყოფა და ავტომანქანები იმოძრავებენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.