რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოპედს აქვეყნებს. მინისტრი წერს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ევროპის საზღვრების სეცვლის მცდელობა იყო.
ზალკალიანის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს.
„2008 წლის აგვისტოს ომი ევროპის საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის უტიფარი მცდელობა იყო. მან ბიძგი მისცა მთელ რიგ მოვლენებს რეგიონში, რომლებმაც სერიოზული ზემოქმედება იქონია უსაფრთხოებაზე და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ხანგრძლივი დაღი დააჩნია. ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია, მკვლელობის, წამების, გატაცებისა და უკანონო დაკავების ფაქტები, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამუდმებულ დარღვევასა და საქართველოს ორი რეგიონის დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, ძალიან შორსაა მშვიდობის ნებისმიერი გაგებისგან“ – ნათქვამია სტატიაში.
ზალკალიანი წერს, რომ რუსეთის მადესტაბილიზებელი ქმედებების მიუხედავად, საქართველო არასდროს იტყვის უარს ერთხელ არჩეულ გზაზე, რომელიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებასთან ერთად, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას გულისხმობს. ამისინტრის განცხადებით, საქართველო ერთგულად მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველომ კიდევ უფრო გააქტიურა ძალისხმევა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების შერიგების მიმართულებით. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ნდობის აღდგენის გაძლიერებასთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათთვის ევროპული ინტეგრაციის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების სიკეთეების გაზიარებას ითვალისწინებს.
ზალკალიანი აღნიშნავს, რომ საქართველოს ინტენსიური სამშვიდობო პოლიტიკის მიუხედავად, სამშვიდობო პროცესი ჩიხშია შესული და ეს მხოლოდ რუსულ-ქართული ურთიერთობების დინამიკით ვერ აიხსნება. მისივე თქმით, ევროპის სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაზე საერთაშორისო თანამეგობრობის არასაკმარისი რეაგირება საშიშ პრეცედენტებს ქმნის და მთავარი დარტყმის ქვეშ სწორედ ევროპულ უსაფრთხოებას აყენებს. მისი თქმით, რუსულ-ქართული კონფლიქტი, უკრაინის კრიზისთან ერთად, მთელი სიმწვავით უნდა განიხილებოდეს, რადგან ორივე კონფლიქტი ერთ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი შავი ზღვის რეგიონში დესტაბილიზაციის კერების შექმნის გზით ევროპული უსაფრთხოების აღმოფხვრაა.
„მოსკოვის მიერ უმოქმედება აღიქმება როგორც გარკვეული სანქცია. ამიტომ, მტკიცე და მკაფიო უნდა იყოს ევროპის პოზიცია და გზავნილი, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა დაუსჯელი არ დარჩება. უფრო მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთმა შეასრულოს ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულება და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოდან. ეს გზას გაუხსნის უფრო მდგრად მშვიდობას მთელს რეგიონში. მჯერა, რომ საქართველოში სამშვიდობო პროცესის წარმატებამ შესაძლოა, ტრანსფორმაციული ძალის როლი შეასრულოს „აღმოსავლეთ პარტნორობის“ სივრცისა და შავი ზღვის რეგიონისთვის“ – წერს მინისტრი.