LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს სამუნდიალო პლეი-ოფები იწყება: ვინ გახდება მსოფლიოს ნაწილი

47

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასკვნით ფაზაშია. 23-მა გუნდმა რუსეთის საგზური უკვე მოიპოვა, ხოლო დანარჩენი 9 იღბლიანის ვინაობა პლეი-ოფში გაირკვევა. ევროპიდან ოთხი ადგილიღაა დარჩენილი, რომელთათვის რვა ქვეყანა იბრძოლებს.

დღეს ორი შეხვედრა გაიმართება. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები ბელფასტში შვეიცარიას უმასპინძლებს, ხოლო ზაგრებში ბალკანური დერბი შედგება, სადაც ხორვატიის ნაკრები საბერძნეთს მიიღებს.

17 ოქტომბერს, ციურიხში, მსოფლიო ჩემპიონატის – ევროპის ზონის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად 8 ევროპული ნაკრები დაწყვილდა.
ევროპის ზონის პლეი-ოფის მატჩები 9-14 ნოემბერს გაიმართება:

ჩრდილოეთ ირლანდია – შვეიცარია (9 ნოემბერი – 12 ნოემბერი)

ხორვატია – საბერძნეთი (9 ნოემბერი – 12 ნოემბერი)

შვედეთი – იტალია (10 ნოემბერი – 13 ნოემბერი)

დანია – ირლანდია (10 ნოემბერი – 13 ნოემბერი)

ევროპის ზონის პლეი-ოფის ყველა მატჩი, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. ერთადერთი გამონაკლისი, შვეიცარია – ჩრდილოეთ ირლანდიის დაპირისპირებაა, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფის მატჩები:

ჰონდურასი – ავსტრალია (10 ნოემბერი – 15 ნოემბერი)

ახალი ზელანდია – პერუ (11 ნოემბერი – 15 ნოემბერი)

ნაკრებები, რომელთაც უკვე გაინაღდეს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება:

ევროპის ზონიდან, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება უკვე გაინაღდა 9 ნაკრებმა. მათთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებიც გარანტირებულად იასპარეზებს (როგორც მასპინძელი ქვეყანა).

უეფა: რუსეთი (მასპინძელი), ინგლისი, ბელგია, გერმანია, ისლანდია, ესპანეთი, პოლონეთი, პორტუგალია, სერბეთი, საფრანგეთი.

სხვა კონფედერაციები: არგენტინა, ბრაზილია, ეგვიპტე, ირანი, კოლუმბია, კოსტა-რიკა, მექსიკა, ნიგერია, პანამა, საუდის არაბეთი, ურუგვაი, სამხრეთ კორეა, იაპონია. აფრიკის ზონიდან კიდევ 3 ნაკრების ვინაობა – ნოემბერში გახდება ცნობილი.

ფინალური ეტაპის წილისყრა, 1 დეკემბერს, მოსკოვში გაიმართება. ფიფას 2017 წლის რეიტინგის მიხედვით, ნაკრებები 4 კალათში გადანაწილდებიან. უკვე ცნობილია, რომ რუსეთის ნაკრები A-ჯგუფში იასპარეზებს.

პირველ კალათში შემდეგი ნაკრებები მოხვდნენ: გერმანია, პორტუგალია, ბელგია, პოლონეთი, საფრანგეთი, ესპანეთი. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ერთ ქვეჯგუფში, შესაძლოა ორი ევროპული ნაკრები მოხვდეს.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, 2018 წლის 14 ივნისს აიღებს სტარტს და 15 ივლისს დასრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები