9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, 21:00 საათზე ორბელიანების სასახლის წინ, ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით კონცერტი ,,ევროპისათვის“ გაიმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ნაციონალური ბალეტი – ,,სუხიშვილები“, ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტი და მუსიკოსები: გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო, ნიკალა ზუბიაშვილი, დათა მუნჯიშვილი.
ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ირინე შენგელიას განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა უკვე 30 წელს ითვლის და ის თავისუფლებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება.
,,დღეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან აქტუალურ ფაზაშია და შესაბამისად, წელს ამ თარიღს ამ აქცენტით აღვნიშნავთ. ღონისძიება ყველასათვისაა, მაგრამ ძირითადი სამიზნე მაინც ახალგაზრდები არიან, რომლებისთვისაც ევროპული ღირებულებები ძალიან ახლობელი და გასაგებია.
კონცერტი გაიხსნება სუხიშვილების, ტრადიციულად ძალიან საინტერესო, 40 წუთიანი პროგრამით. გვექნება ასევე, ცნობილი ქართველების ჩართვები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან.
გარდა ამისა, იქნება ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტი, ვოკალი ანა ჟორდანია. კონცერტს ახალგაზრდებისთვის ძალიან საყვარელი მუსიკოსები დაასრულებენ – გიორგი გიგაშვილი (გიგაშა), ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო. ასე რომ, გელით ყველას, სიცივე ნუ შეგაშინებთ, წვიმა მით უმეტეს, რადგან ამისთვის მზად ვართ. გელით, ერთად შევხვდეთ ევროპის დღეს!“- აღნიშნა ირინე შენგელიამ.