ორწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს ლონდონში “დიდი შვიდეულის” (G7) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან.
უკვე ცნობილია, თუ რაზე ისაუბრებს გახსნით შეხვედრაზე 7 წვეყნის პირველი დიპლომატი – რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების მექანიზმის შექმნა, სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილებენ მინისტრები ყურადღებას.
როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა Reuters-თან განაცხადა, ქვეყნების გაერთიანება შეისწავლის წინადადებას, შეიქმნას ეფექტიანი მექანიზმი პროპაგანდის წინააღმდეგ.
რააბის თქმით, შეხვედრის მიზანია, უფრო მყარი გახდეს ქვეყნებს შორის კავშირი და შემუშავდეს ზომები მათ საპირისპიროდ – ვინც მსოფლიო წესრიგს ძირს უთხრის. მინისტრი განმარტავს, რომ ერთობლივად უნდა იბრძოლონ დეზინფორმაციისა და ფეიკ-ნიუსების წინააღმდეგ და სიმართლე გააგებინონ როგორც საკუთარ მოქალაქეებს, ისე მთელს მსოფლიოს, რუსეთსაც და ჩინეთსაც.
მსოფლიოს ეკონომიკურად და დემოკრატიულად განვითარებული სახელმწიფოების გაერთიანება – (დიდი შვიდეული) დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, იაპონიას, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას და კანადას აერთიანებს.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 5 მაისამდე გაგრძელდება, რუსული პროპაგანდის პარალელურად, მინისტრები კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სამართლიანი განაწილების, ადამიანის უფლებებისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებსაც განიხილავენ.
რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, ქვეყანა ხშირად ხვდება ევროკავშირის ანგარიშებში – ბოლო პერიოდში “ფეიკ-ნიუსების” ძირითადე სამიზნე ვაქცინები, ვაქცინაციის პროცესი და მასთან დაკავშირებული საკითხები ხვდება.
რუსეთმა და ჩინეთმა ვაქცინაციასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის კამპანია გააძლიერა: ევროკავშირი