დღეს დიდგორობა აღინიშნება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის მემორიალის ტერიტორია დამთვალიერებლის წინაშე წარდგება როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ.
დიდგორის ველზე, დაგეგმილია კულტურულ-სპორტული ღონისძიებები, კერძოდ, საკონცერტო წარმოდგენა, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, დოღი.
სპეციალურ სივრცეებში მოეწყობა ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
დღესასწაულის ფორმირება მოხდება დროსთან მიმართებაში. სცენაზე გაცოცხლდება აღმაშენებლის ეპოქა და თანამედროვე ეპოქასთან მისი შერწყმა მოხდება როგორც შემორჩენილი ტრადიციების გათამაშებით, ასევე უკვე მივიწყებული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენით.
დიდგორის ბრძოლას ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. მეფე დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით, დიდგორი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის, ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა. 1121 წელს დიდგორის ბრძოლის გამარჯვებამ დასაბამი მისცა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება-გაერთიანებას და საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.