საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, დღეს ცნობილი გახდება, რა შემადგენლობით წარმოადგენს მამუკა ბახტაძე მინისტრთა კაბინეტს.
მისი თქმით, პრემიერმინისტრობის კანდიდატს სამინისტროების ოპტიმიზაციის ფონზე გარკვეული ცვლილებები აქვს დაგეგმილი.
„დაველოდოთ პრემიერმინისტრობის კანდიდატის გადაწყვეტილებას. დღეს მოგვიანებით ცნობილი გახდება, რა შემადგენლობით წარმოადგენს მამუკა ბახტაძე მინისტრთა კაბინეტს. როგორ ვიცი, ზოგადად გარკვეული ცვლილებები მომავალშიც აქვს დაგეგმილი, მათ შორის სამინისტროების ოპტიმიზაციის ფონზე, ამიტომ ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, ზუსტად რომელ უწყებას რომელი პირი ჩაუდგება სათავეში,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე მთავრობის ფორმირების საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდება.